კიევის სასამართლომ იგორ კოლომოისკის სარჩელი დააკმაყოფილა და „პრივატბანკის“ ნაციონალიზაცია უკანონოდ ცნო
კიევის სასამართლომ იგორ კოლომოისკის სარჩელი დააკმაყოფილა და „პრივატბანკის“ ნაციონალიზაცია უკანონოდ ცნო

კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ დააკმაყოფილა იგორ კოლომოისკის სარჩელი უკრაინის ეროვნული ბანკისა და მთავრობის წინააღმდეგ და „პრივატბანკის“ ნაციონალიზაცია უკანონოდ ცნო.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია სასამართლოზე დაყრდნობით ავრცელებს. სასამართლოს გადაწყვეტილების გამო უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ვიდეომიმართვაში პოროშენკომ განაცხადა, რომ ბანკის იგორ კოლომოისკისთვის დაბრუნება მილიონობით კლიენტის ფულის დაკარგვის, ქვეყანაში დეფოლტისა და ეკონომიკური კრიზისის საფრთხეს ქმნის.

უკრაინის ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ „პრივატბანკის“ ბაზრიდან გაყვანის პროცედურა არღვევდა მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს. სასამართლოს განცხადებით, მოპასუხე მხარემ ვერ დაამტკიცა „პრივატბანკის“ გადახდის უუნარო კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველი, რის შედეგედაც მოხდა ნაციონალიზაციის პროცედურის ინიცირება. შესაბამისად, დაირღვა ბანკის ნაციონალიზაციის პროცედურები.

2016 წლის დეკემბერში უკრაინის მთავრობამ ნაციონალური ბანკის ინიციატივით, მიიღო „პრივატბანკის“ ნაციონალიზაციის გადაწყვეტილება. ბანკის უმსხვილესი აქციონერი დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი იყო. ბანკი სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა.

უკრაინის სახელმწიფომ მის კაპიტალზიაციაზე 155 მილიარდი გრივნა დახარჯა.