იგორ კოლომოისკი - ზელენსკის რჩევებს ვაძლევდი და მზად ვარ, მომავალშიც იგივე გავაკეთო
იგორ კოლომოისკი - ზელენსკის რჩევებს ვაძლევდი და მზად ვარ, მომავალშიც იგივე გავაკეთო

ისრაელში მცხოვრები უკრაინელი ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი აცხადებს, რომ უკრაინის არჩეულ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის რჩევებს აძლევდა და მზადაა, ეს მომავალშიც გააკეთოს. ამის შესახებ განცხადება კოლომოისკიმ რუსულ ტელეკომპანია „ენტევე“-სთან ინტერვიუში გააკეთა.

კოლომოისკის თქმით, მან ზელენსკის რჩევა „ერთი-ორჯერ“ მისცა და მზადაა, უკრაინის არჩეულ ლიდერს „დროდადრო კონსულტაცია“ კვლავ გაუწიოს, თუმცა პოლიტიკოსის გუნდში ადგილს არ დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ ზელენსკის ოპონენტები საარჩევნო კამპანიის დროს ამტკიცებდნენ, რომ შოუმენი იგორ კოლომოისკისთან არის დაკავშირებული. თავად უკრაინის არჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ კოლომოისკისთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები აქვს.

რუსულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში უკრაინელმა ბიზნესმენმა თქვა, რომ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, ის უკრაინაში დაბრუნდება.

იგორ კოლომოისკი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია უკრაინაში. ევრომაიდანის სახელით ცნობილი მოვლენების შემდეგ ის დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი იყო. როგორც ცნობილია, სწორედ კოლომოისკი აფინანსებდა მოხალისეთა სამხედრო დანაყოფებს, რომლებიც დონბასში იბრძოდნენ.

მოგვიანებით, უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა კოლომოისკი გუბერნატორის პოსტიდან მოხსნა, ხოლო ბიზნესმენის კუთვნილი „პრივატბანკის“ ნაციონალიზაცია მოახდინა. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, კიევის სასამართლომ პოროშენკოს ეს გადაწყვეტილება გააუქმა.