კიევის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი ვლადიმირ ზელენსკის კანდიდატურის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ
კიევის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი ვლადიმირ ზელენსკის კანდიდატურის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნის შესახებ.
გადაწყვეტილება მოსამართლეებმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადეს. სასამართლო განხილვა აღნიშნულ საკითხზე დაახლოებით სამ საათს გრძელდებოდა. კიევის სასამართლომ ვლადიმირ ზელენსკის ქმედებებში ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნები ვერ აღმოაჩინა.
ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის გაუქმებას კიევის ერთ-ერთი საარჩევნო ოლქის დამკვირვებელი, „აქციონერთა უკრაინული ასოციაციის“ წევრი ადვოკატი ანდრეი ხილკო ითხოვდა. ხილკოს მტკიცებით, ვლადიმირ ზელენსკის მიერ 19 აპრილის დებატებზე ბილეთების უფასოდ დარიგება ამომრჩეველთა მოსყიდვა იყო. უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის, ვლადიმირ ზელენსკის შტაბში, ხილკოს სარჩელს პროვოკაციად შაფასეს და აბსოლუტურად უსაფუძვლო უწოდეს.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მსახიობი ვლადიმირ ზელენსკი არიან.