კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოქალაქეებს მოუწოდებს, ზამთრისთვის საბნები და თბილი ტანსაცმელი მოიმარაგონ
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოუწოდებს მოქალაქეებს, ზამთრისთვის საბნები და თბილი ტანსაცმელი მოიმარაგონ. ამის შესახებ განცხადება კლიჩკომ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, კიეველები მზად უნდა იყვნენ, რომ ზამთარში უკრაინის დედაქალაქში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებებია მოსალოდნელი.
„არ მინდა არავის დაწყნარება და არც იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ მკაცრ რეალობაში ვცხოვრობთ და უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა სცენარი. ბუნებრივი აირზე პასუხისმგებელი მთავრობაა და ჩვენ დაგვარწმუნეს, რომ ის იქნება და არ გაძვირდება. ეს მხოლოდ მოლოდინია, მაგრამ ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ იქნება ტერორისტული აქტები, თავდასხმები გაზის სატუმბ სადგურებზე. ამ სცენარებს ასევე ვითვალისწინებთ. ჩვენ შევისყიდეთ გენერატორები და საწვავი. პირველ რიგში, ეს გენერატორები გადაეცემათ საავადმყოფოებს, ბაღებსა და სკოლებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა სახლებში იყოს სითბო. მაგრამ ვთხოვ ყველას, მოამზადოს თბილი ტანსაცმელი, თბილი საბნები, რადგან არაა გამორიცხული, სახლებში ტემპერატურა ნორმაზე დაბალი იყოს“, – განაცხადა კიევის მერმა.
მერმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად კიევში 3 მილიონი ადამიანი იმყოფება და კიდევ ერთი მილიონი კიეველი ჯერ სახლებში არ დაბრუნებულა.