კიდევ ერთი გასაოცარი ფოტო მარსიდან — წითელი პლანეტის უცნაური არხები და კანიონები
მარსის ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრი Mars Reconnaissance Orbiter-ი (MRO) ხშირად გვანებივრებს წითელი პლანეტის თვალწარმტაცი ფოტოებით. წლების წინ, თავის მაღალტექნოლოგიური კამერით ხომალდმა მარსის ერთ-ერთი კანიონის ჩრდილოეთით გადაჭიმულ ვაკეებს მომაჯადოებელი სურათი გადაუღო.
ეს რეგიონი მიეკუთვნება მარინიერის ველების ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, კანიონის გიგანტურ სისტემას, რომელიც მარსის ეკვატორის გასწვრივ არის გადაჭიმული.
ფოტო გადაღებულია 2007 წლის ივლისში და ასახავს სამი სხვადასხვა ტიპის რელიეფს. სურათის ზედა ნაწილში ჩანს კრატერებით დაფარული ვაკეები და დაკლაკნილი ქედისებრი მახასიათებლები.
ეს მახასიათებლები განსაკუთრებული ინტერესის საგანია, რადგან შეიძლება, ისინი მდინარეთა ამობრუნებული არხები იყოს, რაც მაშინ ხდება, როცა დაბალი ზონები მაღლა იწევა.
არის რამდენიმე მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვია ამ არხების აწევა მიმდებარე გარემოსთან შედარებით, ყველა ეს მიზეზი ეროზიასთან მიდის.
მაგალითად, არხები შეიძლება წარმოიქმნა უფრო დიდი ქანებისგან და არა მიმდებარე გარემოსგან, იყო მდინარეთა კალაპოტები, რომლებიც მინერალების დალექვის შედეგად გაქვავდა ანდაც გარკვეულ მომენტში ლავით ამოივსო.
ყველა ეს მასალა ეროზიისადმი უფრო მდგრადია, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც მათ გარშემო არსებულ ფხვიერ მასალებს ქარი და წყალი მიმოფანტავდა, ისინი შემაღლებული დარჩებოდა. სხვა მახასიათებელთა შორისაა მოშიშვლებული შრეების მქონე ვაკეები და კანიონის კედლის შრეები.
ეროზიის კვალი აქაც ჩანს. მათი შემჩნევა შესაძლებელია კაშკაშა ლაქებისა და ბნელი შრეების სახით, რომლებიც სიგრძეში ერთ კილომეტრამდეა.
ეს ყველაფერი უფრო აშკარად ჩანს ხომალდის მიერ გადაღებულ სხვა ფოტოზე.
მიუხედავად იმისა, რომ მარსის კანიონებისთვის შრეებიანი რელიეფი საკმაოდ დამახასიათებელია, ამჟამად უცნობია, რა პროცესების შედეგად შეიძლება წარმოქმნილიყო ისინი. მეცნიერთა აზრით, ვაკეებზე არსებული შრეები იგივე მასალისგან შედგება, რითაც კანიონების შრეები.
ამ მახასიათებელთა უკეთ შესწავლა გაცილებით ბევრ ახალ დეტალს გვეტყვის მარსის გეოლოგიური ისტორიიდან.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.