მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების განმავლობაში, რაიმე ფორმის კიბო ყოველ მეორე ადამიანს უვითარდება, ამ დაავადების შესახებ ბევრი რამ ჯერ მაინც არ ვიცით. თუმცა, გამუდმებული კვლევების წყალობით, კიბოს ბიოლოგიის შესახებ ჩვენი ცოდნა საკმაოდ იზრდება. ერთ-ერთმა ბოლო ასეთმა აღმოჩენამ შეიძლება სრულიად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა კიბოს განვითარების შესახებ.
ვიდრე ახალი აღმოჩენის შესახებ გიამბობთ, მოდი, ჯერ განვიხილოთ ის კლასიკური თეორია, რომელიც ცდილობს ახსნას, რატომ გადაიქცევიან ნორმალური უჯრედები სიმსივნურ უჯრედებად. ამ თეორიის მიხედვით, კიბოს გამომწვევი ძირითადი მიზეზია დნმ-ის მუტაციები.
კარგად არის ცნობილი, რომ დაბერება, ცხოვრების სტილი და გარემოებითი ფაქტორები (მაგალითად, მოწევა და ულტრაიისფერი რადიაცია) ჩვენს უჯრედებში იწვევს დნმ-ის შემთხვევით მუტაციებს (იგივე გენეტიკურ ცვლილებებს). გენეტიკურ ცვლილებათა უმეტესი ნაწილი მხოლოდ უჯრედის სიკვდილს ან საერთოდ არაფერს არ იწვევს.
თუმცა, სულ რამდენიმე მუტაცია მაინც უჯრედის გადარჩენის მხარესაა. თუკი უჯრედში „სიცოცხლის გამახანგრძლივებელ“ დნმ-ის მუტაციათა საკმარისი რაოდენობა მოხდა, უჯრედი ფაქტობრივად უკვდავი ხდება — იწყებს უკონტროლო გამრავლებათა სერიას, რაც კიბოს წარმოშობს. ეს თეორია დადასტურებულია ფართო ექსპერიმენტული მტკიცებულებებით.
ეს თეორია ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დნმ-ის მუტაციებს, რაც შეუქცევადია და ხშირად ძნელია, რომ პრეპარატის სამიზნედ აქციო. ამიტომ, თუ კიბო მხოლოდ გენეტიკური მუტაციებითაა გამოწვეული, გვეზღუდება კიბოს განადგურების უნარი.
საინტერესოა, რომ კიბოს წარმოქმნის შესახებ სხვა თეორიებიც არსებობს. თუ ეს თეორიებიც მართებულია, კიბოს პრევენციისა და მიზანში ამოღების უკეთეს საშუალებათა შექმნა უნდა შევძლოთ.
ერთ-ერთი ასეთი თეორია მეცნიერებმა ახლახან დატესტეს კვლევაში, რომელიც ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნეს. კვლევა ხილის ბუზებზე ჩაატარეს (რომლებსაც 75% აქვთ იმ გენებისა, რომლებიც ადამიანებში დაავადებებთან არის დაკავშირებული).
მკვლევრებმა ბუზები გამოიყენეს იმის შესასწავლად, იწვევს თუ რა კიბოს ეპიგენეტიკური ცვლილებები — უკუქცევად „ნიშნებს“, რომლებიც გენომს ემატება გენების ჩართვა-გამორთვის მიზნით.
„გენეტიკა“ და „ეპიგენეტიკა“ შეიძლება ძალიან მსგავსად ჟღერდეს, მაგრამ ისინი ორ ძალიან განსხვავებულ პროცესს ასახავენ. გენეტიკურ მუტაციებსა და ეპიგენეტიკურ ცვლილებებს შორის სხვაობის აღსაქმელად, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი დნმ არის წიგნი, რომელშიც არის თქვენი შექმნისთვის საჭირო გარკვეული ინფორმაცია.
ამ მეტაფორის თანახმად, თითოეული გენი ამ წიგნში წინადადების ეკვივალენტი იქნება. გენეტიკური მუტაცია უნდა შეესაბამებოდეს კალამს, რომლითაც წინადადებას ამოშლით ან გადააკეთებთ. მას შემდეგ, რაც ამას გააკეთებთ, პირვანდელ მდგომარეობას ვეღარ დაუბრუნებთ.
ეპიგენეტიკური ნიშნები უფრო მცირე ცვლილებებია — მაგალითად, ფანქრით წინადადების გახაზვა ან წიგნის სანიშნის გამოყენება კონკრეტულ გვერდზე სწრაფად გადასაშლელად. ეს ცვლილებები მიიღწევა თავად დნმ-სთვის მცირე მოლეკულების ან ამ დნმ-თან ახლო კავშირში მყოფი ცილების დამატებით ან ამოღებით.
შედეგად, ეპიგენეტიკური ნიშნები შექცევადია, მაგრამ მათ სიღრმისეული ეფექტი აქვთ უჯრედების მიერ დნმ-ის „წაკითხვაზე“.
ეპიგენეტიკური ნიშნები გადამწყვეტია განვითარების დროს გენების ჩართვა-გამორთვისთვის (მაგალითად, საშვილოსნოში ნაყოფს თვალების ფორმირებაში). ისინი ასევე წარმოქმნის ხიდს გარე გარემოსა და გენებს შორის. მაგალითად, გენების ეპიგენეტიკური რეგულაცია ცხოველებს სეზონების ცვლილებასთან ადაპტირების საშუალებას აძლევს.
დიდი ხნის განმავლობაში, ეპიგენეტიკური ცვლილებები ზედმეტად ხანმოკლედ ითვლებოდა იმისათვის, რათა კიბოს გამომწვევი ყოფილიყო. თუმცა, მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ კიბოს უჯრედები აგროვებენ რამდენიმე ეპიგენეტიკურ ცვლილებას და ეს ცვლილებები ხელს უწყობს კიბოს უჯრედების ისეთივე ეფექტიანად გადარჩენას, როგორც დნმ-ის მუტაციები.
ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ კიბო წარმოიქმნება როგორც გენეტიკური, ისე ეპიგენეტიკური ცვლილებების აკუმულირებით.
თუმცა, ამ დარგში არსებულ წინა კვლევებს საკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდა, რათა ეჩვენებინა, რომ ეპიგენეტიკურ ცვლილებებს კიბოს გამოწვევა შეუძლია იქ, სადაც დნმ-ის მუტაციები არის.
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ პირველად აჩვენა, რომ ეპიგენეტიკურ ნიშნებში დროებითი ცვლილებები — დნმ-ის მუტაციის გარეშეც კი — საკმარისია კიბოს გამოსაწვევად.
კიბოს მკურნალობა
ეს უბრალოდ მომაჯადოებელი სამეცნიერო შედეგი კი არ არის, არამედ წარმოადგენს მტკიცებულებასაც, რომელმაც შეიძლება შეცვალოს ზოგიერთი კიბოს მკურნალობის გზა; განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შედეგები შემდეგმა კვლევებმაც დაადასტურა.
თუკი ეპიგენეტიკურ ცვლილებებს წვლილი შეაქვს კიბოს წარმოქმნაში, მეცნიერებმა უნდა შეძლონ ამ დაავადების სამკურნალო ეპიგენეტიკური თერაპიების შექმნა. ბოლო წლებია, ამ მიმართულებით უკვე მრავალი მეცნიერი და ფარმაცევტული კომპანია მუშაობს.
ამ თერაპიებმა კიბოს უჯრედები უნდა გადააპროგრამოს — შეცვალოს შექცევად ეპიგენეტიკურ ნიშანთა გადანაწილება. ამან კი უჯრედებს ნორმალურ ქცევაში დაბრუნების საშუალება უნდა მისცეს, შესაბამისად, შეაჩეროს უკონტროლო გამრავლება.
ზოგიერთი ასეთი ახალი ეპიგენეტიკური პრეპარატი ზოგ ქვეყანაში უკვე დამტკიცებულია სისხლის კიბოებისა და სარკომების სამკურნალოდ. კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპების, მათ შორის ძუძუსა და პროსტატის კიბოს სხვა ეპიგენეტიკური მედიკამენტები ამჟამად გადის კლინიკურ ცდებს.
ეპიგენეტიკური კიბოს თეორიას გავლენა აქვს კიბოს დაფიქსირებაზეც. პათოლოგიური ეპიგენეტიკური ნიშნების კვალს კიბოს უჯრედები გამოყოფენ და მისი პოვნა შესაძლებელია კიბოს პაციენტის სისხლში.
სწორედ ამიტომ, ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა აღწერა სისხლის ტესტი, რომელსაც ძლიერ მცირე ოდენობის სისხლში შეუძლია ეპიგენეტიკური ნიშნების დაფიქსირება. ვინაიდან კიბოს პაციენტში შესაძლებელია დნმ-ის მუტაციების პოვნაც, კომბინირებულმა გენეტიკურმა და ეპიგენეტიკურმა ტესტებმა კიბოს დაფიქსირება შეიძლება უფრო ზუსტი გახადოს.
შესაძლებელია ეპიგენეტიკური თერაპიების კომბინაცია კიბოს ტრადიციულ თერაპიებთანაც — მაგალითად, ქირურგიასთან ან რადიოთერაპიასთან, რაც ძლიერ ეფექტიანია მრავალ შემთხვევაში.
მკვლევართა ჯგუფი ვარაუდობს იმასაც, რომ ეპიგენეტიკური პრეპარატებისა და ტესტების გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს უკეთესი, უფრო ზუსტი სამკურნალო საშუალებების შესაქმნელად, რომლებიც ოპტიმიზებული იქნება თითოეულ პაციენტზე. თუმცა, ასეთ ტექნოლოგიამდე ჯერ დიდი დრო გვაშორებს.
მიუხედავად იმისა, რომ კიბოს ეპიგენეტიკური თეორია დაავადების პროგრესირების მნიშვნელოვან ასპექტებს ხსნის, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კიბოს კლასიკური თეორია მცდარია. ახალი თეორია ამდიდრებს ჩვენს წარმოდგენას ამ კომპლექსური ფენომენის შესახებ და შეგვახსენებს, თუ ჯერ კიდევ რამდენი რამ არ ვიცით კიბოს შესახებ.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.