კიბის 3D გამოსახულება წლის საუკეთესო ილუზიის კონკურსის გამარჯვებული გახდა — #1tvმეცნიერება
კიბის 3D გამოსახულება წლის საუკეთესო ილუზიის კონკურსის გამარჯვებული გახდა — #1tvმეცნიერება

წარმოგიდგენთ წლის საუკეთესო ილუზიის კონკურსის წლევანდელ გამარჯვებულს, რომელიც ნამდვილად გონებამახვილურია — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ტრადიციული 2D ოპტიკური ილუზია საკმაოდ შემაცბუნებლად არის მოთავსებული სამგანზომილებიან სივრცეში.

გამოსახულება, სახელად 3D შრიოდერის კიბე ცნობილმა იაპონელმა მათემატიკოსმა და ილუზიონისტმა კოკიჩი სუგიჰარამ შექმნა, რომელიც ამ კონკურსის გამარჯვებული არაერთხელ გახდა.

კლასიკური შრიოდერის კიბე 1858 წელს გერმანელმა მეცნიერმა ჰაინრიხ შრიოდერმა გამოაქვეყნა; ნიდერლანდელმა მხატვარმა მორის ეშერმა შემდეგ მას სხვა ფორმები მისცა, მაგრამ ორიგინალი ვერსიის სიმარტივე დღემდე გასაოცარია.

ილუსტრაციაზე პირველად ჩნდება ერთი კიბის აშკარა გამოსახულება ზემოდან, მაგრამ თუ დააკვირდებით, ქვემოდან ჩანს მეორე კიბეც.

თუ ვერ ხედავთ, შრიოდერის კიბე უბრალოდ უკუღმა ამოატრიალეთ და ალტერნატიულ ხედსაც შენიშნავთ, მაგრამ ალბათ მხოლოდ წამიერად, იქამდე, ვიდრე თქვენი გონება აღმოჩნდება ფსიქოლოგიური ფენომენის, გეშტალტის წანაცვლების წინაშე, რომელშიც თქვენი აღქმა ისევ თავდაპირველ ინტერპრეტაციას დაუბრუნდება.

ამ ისედაც ჩახლართული თემის კიდევ უფრო ჩახლართვის შედეგად, სუგიჰარამ კიბის 2D ილუზია 3D-ში გადაიყვანა. გამოსახულება იგივე ხრიკს ფლობს გარკვეული პერსპექტივიდან შეხედვისას.

„ამჟამინდელ 3D ობიექტს ასევე აქვს ორი ინტერპრეტაცია, ორივე მათგანი კიბის ზემოდან დახედვისას და ეს ინტერპრეტაციები ერთმანეთში მაშინ გადადის, როდესაც ობიექტს ვერტიკალური ღერძის გარშემო 180 გრადუსით ვატრიალებთ“, — ამბობს სუგიჰარა.

საკუთარ ვებგვერდზე სუგიჰარა მინიშნებას გვაძლევს იმის შესახებ, როგორ არის ილუზია შექმნილი და ამისათვის საჭირო დიაგრამასაც გვთავაზობს.

ილუზიის შუაგულში მოთავსებულია მარტივი ხრიკი — კიბე შეიძლება კიბეს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში, ის ბრტყელი ზედაპირია, გონების ასარევად კი ავტორი ჭკვიანურად იყენებს კუთხეებს.

იმისათვის, რათა ვიზუალური აღქმა გაიმარტივოს, ჩვენი ტვინი სადაც შეუძლია აკეთებს ვიზუალურ დაშვებებს. მუქი ტონები ჩრდილებს ნიშნავს და სიღრმეზე მიანიშნებს; თანმხვედრი ხაზები მანძილის საზომია. შეკრიბეთ ერთად და თქვენი ტვინი ადვილად იპოვის პირველ საფეხურებს.

თუ 3D შრიოდერის კიბეს სარკესთან ფრთხილად დაატრიალებთ, კიდევ რაღაც უცნაურს შენიშნავთ — ორივე ხედს ერთდროულად დაინახავთ.

წლის საუკეთესო ილუზიების კონკურსის სხვა ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.