კიბერდანაშაულთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება
კიბერდანაშაულთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება

კიბერდანაშაულთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება 15 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება. პროექტის ინიციატორი მთავრობაა.

კანონპროექტის მიხედვით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ორ წლამდე, ან/და თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. ცვლილებებით, კომპიუტერული პროგრამის ან სხვა მოწყობილობის, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისთვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შეძენა, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ასევე, კანონპროექტის თანახმად, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება, წაშლა, შეცვლა ან დაფარვა დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი. ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალი საკანონმდებლო რეგულაციები – კომპიუტერთან დაკავშირებული თაღლითობისა და კომპიუტერთან დაკავშირებული გაყალბების ფაქტებზე. კერძოდ, ცვლილებებით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა ან კომპიუტერული მონაცემის უნებართვო ჩასმა, შეცვლა, წაშლა, დაფარვა; კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ნებისმიერი სახის უნებართვო ჩარევა თავისთვის ან სხვისთვის ქონებრივი უფლების მოპოვების, ასევე ნებისმიერი სახის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, რამაც გამოიწვია სხვა პირისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება, დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე; გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ასევე, პროექტით, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო ჩასმით, შეცვლით, წაშლით ან დაფარვით ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემების მიღება, მის ნამდვილ/უტყუარ მონაცემად გასაღების ან/და გამოყენების მიზნით, გასაღება ან/და გამოყენება დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

კანონპროექტში გათვალისწინებულია სასჯელის სხვა ფორმები აღნიშნული მუხლების განმეორებით ჩადენის ფაქტებზეც.