შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, გრძელდება სკოლების შემოწმება და უკვე 1500-მდე სკოლაა შემოწმებული.
„614 სკოლაზე გავეცით ნებართვა, ვერ დააკმაყოფილა 81-მა, ხოლო დანარჩენი პროცესშია, ველოდებით გარკვეულ დოკუმენტაციას, რათა შესაბამისი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, ათზე მეტი უნივერსიტეტია შემოწმებული და თითოეულ მათგანზე ნებართვა არის გაცემული“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
კითხვაზე, რა ინტენსივობით მოხდება სასწავლო დაწესებულებების შემოწმება, ბექა ფერაძე პასუხობს, რომ ამ დროისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საგანმანათლებლო პროცესის დაწყებაზე ნებართვის გაცემა მიმდინარეობს, შემდეგი პროცესია გეგმური ინსპექტირება.
„ჩვენ დღეის მდგომარეობით ვართ პროცესში, როდესაც ნებართვებს გავცეთ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომ მათ საგანმანათლებლო პროცესის დაწყება შეძლონ. ამის შემდგომი პროცესია უკვე გეგმური ინსპექტირება. გეგმური ინსპექტირება დამოკიდებული იქნება ეპიდემილოგიურ სიტუაციაზე და იმ რისკებზე, რაც ქვეყანაში გვექნება, სხვადასხვა რეგიონის მიხედვით, ეტაპობრივად განხორციელდება ყველა ეკონომიკური სუბიექტის შემოწმება.
პროცესში ჩართულია სხვადასხვა საზედამხედველო უწყება, ხდება შემოწმება, დასურათება, კითხვარის შევსება, ინსპექტორთა რაოდენობა არის ოთხასამდე, ამიტომ სწავლის დაწყებას ამ კუთხით არავითარი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაზე განათლების სამინისტროსთან, სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ შესაბამის პროცედურებს სჭირდებოდა გარკვეული დრო“, – განაცხადა ბექა ფერაძემ და დასძინა, რომ ხვალ სკოლების სრულმასშტაბიანი შემოწმება დაიწყება.
„15 სექტემბრამდე ეს პროცესი იქნება დასრულებული. ინდივიდუალური შემთხვევები შესაძლოა იყოს, თუმცა ეს არ იქნება მასიური. ყველა სკოლის მასწავლებლები და დირექტორები არიან გაფრთხილებულები და რეკომენდაციები არის გაცემული. ამიტომ ამ მიმართულებით რაიმე გართულებას არ ველოდები“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.