ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოს მეხუთე დღეს თავისთვის უხერხულ მეტოქეს, პირველ მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის მოუგო. ექს ოძეკების დაპირისპირება ქართველი მებრძოლის სრული დომინირებით წარიმართა. ტოჩინოშინმა შეჯახებისთანავე მოახერხა მარცხენა ხელით მეტოქის მავაშის აღება, მალევე ორივე მხრიდან ჩასჭიდა ხელი ქამარში მოწინააღმდეგეს და მისთვის საყვარელი იორიკირის ილეთით გაიყვანა დოჰიოდან.
ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე მისი ვიზავი, მონღოლი გოლიათი – ასევე სეკივაკე იჩინოჯო იქნება, რომელიც წინა ბაშოზე შესანიშნავად გამოვიდა, 14:1-ზე ბალანსი დააფიქსირა და ის ერთი ორთაბრძოლაც სწორედ ქართველ სპორტსმენთან დათმო.
რანგით მეორე, ჯურიოს დივიზიონში დამარცხდა გაგამარუ. ქართველმა სუმოისტმა, რომელიც ჯურიოს დივიზიონის მე-7 ნომერია, სოკუკრაისთან ბრძოლა შიტატენაგეს ილეთით დათმო და ახლა ნაცუ ბაშოზე 2 მარცხი აქვს. ბრძოლა დოჰიოს ცენტრში მიმდინარეობდა, თუმცა სოკუკურაიმ ეფექტური მოძრაობით გაგამარუს დამარცხება შეძლო.
გაგამარუს 3-2 ბალანსი აქვს. ჯურიოს დივიზიონს ტაკაგენჯი ლიდერობს, რომელსაც 5-დან 5 მოგება აქვს. მან მე-5 დღეს იუტაკაიამას მოუგო, რომელსაც 4-დან 4 ბრძოლა ჰქონდა მოგებული. სწორედ იუტაკაიამა იქნება ხვალ თემურ ჯუღელის მეტოქე.