ხუთი მიზეზი, რატომ უნდა გაატარო ზამთრის არდადეგები საქართველოში - საერთაშორისო ტურისტული გამოფენის, ITB Berlin-ის ოფიციალური ვებგვერდი სტატიას აქვეყნებს
ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გაატარო ზამთრის არდადეგები საქართველოში – საერთაშორისო ტურისტული გამოფენის, ITB Berlin-ის ოფიციალური ვებგვერდი საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და ზამთრის კურორტების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი განმარტებით, სტატია მოგზაურებს ახალი დანიშნულების ადგილების აღმოჩენაში დაეხმარება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წელს ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
ამასთან, მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, გამოფენის ოფიციალურმა ვებგვერდმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მორიგი სტატია გამოაქვეყნა. ITB Berlin-ის ციფრულ პლატფორმაზე მოცემულია უახლესი ინფორმაციები ტურიზმის ინდუსტრიისა და ITB-ის საერთაშორისო გამოფენების შესახებ.
როგორც ITB საქართველოს შესახებ წერს, თავგადასავლების მოყვარულთათვის საქართველოს მთიანი პეიზაჟები, ათწლეულებია, მიმზიდველია.
„ზამთრის ეს სეზონი განსაკუთრებული იქნება, რადგან 2023 წელს ბაკურიანი თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. თქვენ შანსი გაქვთ, მსოფლიოში ერთ-ერთ დიდ სპორტულ ღონისძიებას დაესწროთ, ასევე მოსინჯოთ თქვენი შესაძლებლობები ზამთრის სპორტში. საკმაოდ პოპულარულია ბაკურიანი, ისევე როგორც საქართველოს სხვა სამთო კურორტები. საქართველოს კურორტებზე გამორჩეული თოვლი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ“, – წერს ITB საქართველოს შესახებ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, სტატიაში აღწერილია საახალწლო ტრადიციები და სტუმარმასპინძლობა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, ITB Berlin-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და ბეჭდურ გამოცემაში საპრომოციო სტატიებისა და ფოტოების გამოქვეყნება 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება.