საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ყველა შემოტანილია.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ხუთივე პაციენტი იდენტიფიცირებულია კარანტინში, ნაწილი არის საქართველოს მოქალაქე, ნაწილს კი ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
„ამჯერად ახალ შემთხვევებს შორის არც ერთი არ არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განმარტა გამყრელიძემ.
რაც შეეხება ზოგად ვითარებას, ამირან გამყრელიძის განცხადებით, განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„გვაქვს ყოველდღიურად ერთეული შემთხვევები. უმრავლესობა არის იმპორტირებული. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხშირად ინფიცირებულები არიან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომლებიც გადაზიდვებს ახორციელებენ “ , – დასძინა გამყრელიძემ.