ხურვალეთის მცხოვრებლები - გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ ხურვალეთში სიმშვიდეა, აღარ გვინდა აღარც ჟურნალისტები და აღარც კეთილისმყოფელები [ვიდეო]

სოფელ ხურვალეთის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ პრობლემები ხელოვნურად იქმნება და ადგილზე რუსი სამხედროები არ გამოჩენილან.

„ჩვენთან სიმშვიდეა. პრობლემები ხელოვნურად იქმნება, გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ დაწყნარდეს მთელი საქართველო. აღარ არის საჭირო, აღარც ზედმეტი ჟურნალისტები და აღარც კეთილისმყოფელები. არაფერი არ ხდება, ძალიან მშვიდად ვართ, როგორც ვართ 10 წელი ისევ ისე ვართ. ბაღებში აგვყავს ძროხები და მე იქ რუსები არ დამინახავს“, – აცხადებენ ხურვალეთის მცხოვრებლები.

სოციალურ ქსელში ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება არ ადასტურებდა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლა არ დაადასტურა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.