ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ხულოს მუნიციპალიტეტში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების შედეგადაც ხულოს 12 ადმინისტრაციული თემიდან ცხრა ცენტრალურ ავტომაგისტრალს უკვე უკავშირდება. დარჩენილ სამ თემში კი, გზების გაწმენდა გრძელდება.
აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სულ 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს.
ამასთან, უწყების ცნობით, 11 მიმართულებით იწმინდება გზები შუახევში, ქედის ადმინისტრაციულ ცენტრამდე მისასვლელი ყველა გზა კი უკვე გაწმენდილია.
ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, სამუშაოებს ინტენსიური თოვა და დაბალი ხილვადობა ართულებს.
რაც შეეხება ენერგომომარაგებას, კომპანია „ენერგოპრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ დროისთვის შუახევის მუნიციპალიტეტის 80 პროცენტს ელექტრონერგიის მიწოდება აღუდგა. შეზღუდვები რჩება ხულოსა და ქედაში, კომპანიის ბრიგადები ადგილზე მუშაობენ.
აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 1,5 მეტრს აღწევს. უხვი ნალექის გამო, ქედის შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ერთი დღით გადაიდო.
აჭარის სამივე მაღალმთიან მუნიციპალიტეტში საგანგებო შტაბები ფუნქციონირებს. შექმნილ ვითარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ეცნობა.