აჭარის ყველაზე მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირი შევიდა. დაბა ხულოში დღეს პირველი ჩირაღდანი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ კომპანია „სოკარის“ წარმომადგენლებთან ერთად აანთო.
ბუნებრივ აირს ეტაპობრივად ხულოს სოფლებშიც მიიღებენ.
სალიბაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე მონაკვეთზე აჭარის გაზიფიცირების მასშტაბური პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების, 121 კმ. სიგრძის გაზსადენის მშენებლობის ძირითადი ნაწილი, უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები დასკვნით 27 კილომეტრზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის დასაწყისში, გაზი სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზეც“ შევიდა.
გაზიფიცირების პროექტის სამუშაო პროცესში 300 ადამიანი დასაქმდა. დასკვნითი ეტაპის სამუშაოებზე დამატებით 300 ადამიანი დასაქმდება. მშენებლობას შპს „ენერჯი ინვესტი 2009“ ახორციელებს.