ხუან გუაიდო ვენესუელაში აშშ-ის მიერ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს
ხუან გუაიდო ვენესუელაში აშშ-ის მიერ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს. ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა ამის შესახებ „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ხუან გუაიდოს განმარტებით, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ყველა ხერხი უნდა გამოიყენონ.
გუაიდომ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვენესუელაში სამხედრო ძალის გამოყენება საკმაოდ დელიკატური საკითხია, თუმცა ვენესუელელი ხალხის გადასარჩენად მათ შესაძლოა, ამ გზის გამოყენებაც დასჭირდეთ.
ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „სიბიესთან“ ინტერვიუში ვენესუელაში სამხედრო ჩარევა ერთ-ერთ ვარიანტად განიხილა.
2018 წლის მაისში ლათინური ამერიკის ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც გამარჯვება ნიკოლას მადურომ მოიპოვა. არჩევნების შედეგები ჯერ ქვეყნის ოპოზიციამ, შემდეგ კი, თითქმის მთელმა მსოფლიომ არალეგიტიმურად მიიჩნია.
2019 წლის 22 იანვარს ნიკოლას მადუროს მთავარმა ოპონენტმა, ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. მას მხარდაჭერა მალევე გამოუცხადეს რიგმა სახელმწიფოებმა, მათ შორის საქართველომ.