ხორვატიის პრემიერი - უკრაინაში შეჭრა რომ არა, ვერასოდეს გადავიყვანდით უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს იმავე კალათაში, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები არიან
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებმა „ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე“ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ისაუბრეს.
ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა და მისმა ალბანელმა კოლეგამ, ედი რამამ განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების პროცესი დააჩქარა.
„ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შევძელით, დასავლეთ ბალკანეთის თემა დღის წესრიგში გადმოგვეტანა, რადგან ის გარკვეული დროის განმავლობაში დაკარგული იყო. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ბოლო წლებში გაფართოების უდიდესი ხელშემწყობი ვლადიმერ პუტინი გახლდათ. რომ არა უკრაინაში შეჭრა, ჩვენ ვერასოდეს გადავიყვანდით უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს იმავე კალათაში, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები არიან“, – განაცხადა პლენკოვიჩმა.
ევროკავშირი გეგმავს, განახორციელოს ექვსი მილიარდი ევროს ღირებულების საერთო ზრდის გეგმა, რომ დაეხმაროს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ისწრაფვიან, რათა შექმნან რეგიონული საერთო ბაზარი და ინტეგრირდნენ საერთო ევროპულ ბაზარზე. ექვსი მილიარდი ევროს პაკეტიდან გადახდები განხორციელდება 2027 წლამდე ყოველ ექვს თვეში ერთხელ იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც განახორციელეს საჭირო რეფორმები.