ხორვატიის პრემიერი - ჩვენ უნდა შევასრულოთ კანდიდატებისა და პოტენციური კანდიდატებისთვის მიცემული პირობა
ხორვატიის პრემიერი - ჩვენ უნდა შევასრულოთ კანდიდატებისა და პოტენციური კანდიდატებისთვის მიცემული პირობა

ჩვენ უნდა შევასრულოთ კანდიდატებისა და პოტენციური კანდიდატებისთვის მიცემული პირობა, – ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს ევროპის მომავალზე მსჯელობენ.

„წევრი სახელმწიფო ტოვებს ევროკავშირს, თუმცა ევროკავშირი კვლავ რჩება თანამეგობრობად, რომელშიც გაერთიანება ბევრ ქვეყანას სურს, არა მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებსა და თურქეთს, არამედ უფრო ფართო რაიონს. ჩვენ უნდა შევასრულოთ კანდიდატებისა და პოტენციური კანდიდატებისთვის მიცემული პირობა. თავის მხრივ, მათ უნდა განახორციელონ საჭირო რეფორმები და დააკმაყოფილონ არსებული კრიტერიუმები“, – განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.

ხორვატიის პრემიერმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიაზე, რომელიც დღეს ევროკომისიამ უნდა წარადგინოს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის. პლენკოვიჩი მიიჩნევს, რომ ამ სტრატეგიაში განსაკუთრებული ადგილი ბოსნია-ჰერცოგოვინას უნდა დაეთმოს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ევროკომისია წარადგენს დასვალეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის გაფართოების ახალ სტრატეგიას. ვფიქრობ, ამ სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ბოსნია-ჰერცოგოვინას, რომელმაც ხორვატიის მსგავსად რთული გზა გაიარა. ჩვენი ამოცანაა, ბოსნია-ჰეროცოგოვინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სამართლიანი საარჩევნო კანონმდებლობის ჩამოყალიბებაში დავეხმაროთ“, – განაცხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.