ხორბლისა და ფქვილის ასოციაცია უახლოეს თვეებში ფქვილისა და პურის გაძვირებას გამორიცხავს
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა მომდევნო თვეების განმავლობაში ხორბლისა და ფქვილის გაძვირებას არ ელოდება, შესაბამისად მისი თქმით, პურზე ფასი არ გაიზრდება.
ასოციაციის დირექტორის განმარტებით, საქართველოში ხორბლის 90 პროცენტი იმპორტირებულია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ კრიზისთან გამკლავებისთვის საჭიროა მდგრადი, გრძელვადიანი მექანიზმები.
მისივე განცხადებით, გარკვეულწილად შექმნილია გარდამავალი მარაგი, რაც ახალ მოსავალთან ერთად, იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ახლო მომავალში ქვეყანაში ხორბალი და ფქვილი არ გაძვირდება.
„პურის ფასთან მიმართებაში მინდა ვთქვა, რომ დღესდღეობით, 2018 წლის დეკემბერთან მიმართებით, როდესაც პური გაძვირდა, მდგომარეობა ოდნავ გამოსწორებულია. შექმნილია გარდამავალი მარაგები. ეს არ არის რაოდენობა, რომლითაც კმაყოფილი უნდა ვიყოთ, მაგრამ მინიმალურ ზღვარზე გარდამავალი მარაგები არსებობს. ახალი მოსავლის პირობებში, რომელიც სულ მალე იქნება, ვფიქრობთ, გარდამავალი მარაგები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში, ხორბლისა და ფქვილის ფასი არ გაიზრდება. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია პურის მწარმოებლებთან და მათი განწყობაც იგივეა, რომ ამ სიტუაციაში, როდესაც გარკვეული სტაბილურობა მაინც მიღწეულია, პურის ფასზე ნეგატიური ასახვა არ იქნება და არ გაძვირდება. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ, თუმცა აუცილებელია, მდგრადი, გრძელვადიანი მექანიზმების არსებობა ქვეყანაში, რომ ნებისმიერი კრიზის დროს მზად შევხვდეთ პრობლემას“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ.