ხორავას საქმის მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა
ხორავას საქმის მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს აღკვეთის ღონისძიების საკითხით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდების თაობაზე დააკმაყოფილა. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

მორჩაძეს ბრალი სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით გუშინ წარედგინა, რაც მოწმეზე ზემოქმედებასა და სანაცვლოდ ფულის შეთავაზებას გულისხმობს.

მორჩაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

ამასთან, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ​დაკავებულ მირზა სუბელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წლითა 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე.