მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძის საქმეზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძესთვის პატიმრობის შეფარდებაზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მ.მ.-ს ბრალად ედება მიწოდებული ინფორმაციის შეცვლისთვის მოწმის მოსყიდვა ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით.
„საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, ერთ-ერთ მოწმესთან სახლში მივიდა, გაეცნო როგორც ნათესავი და მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გ.ჯ.-ს მამის მეგობარი. მ.მ მას გადასცა თანხა 200 ლარის ოდენობით და პერიოდულად თანხის გადაცემის მიზნით უკავშირდებოდა მოწმეს. მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ ბრალდებული მ.მ. კვლავ ეწვია მოწმეს სახლში და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მკვლელობაში ბრალდებულის სასარგებლოდ ჩვენების შეცვლა შესთავაზა(ურჩია).
აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის მიერ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ჩადენილი ქმედების სპეციფიკა, მიზანი, ის გარემოება, რომ სავარაუდო დანაშაული მიმართულია მტკიცებულებათა მოპოვების საპროცესო წესის წინააღდეგ, რაც ბრალდებულისა და საქმეზე დაკითხული ძირითადი მოწმეების ურთიერთობის, ასევე ბრალდებულის სავარაუდო ქმედებების გათვალისწინებით, ქმნის მაღალ რისკებს ანალოგიური მეთოდებით დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებთან მიმართებაში“,- აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება.