ხორავას ქუჩის საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობა დადგენილების პროექტს მოამზადებს
ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებულ დასკვნას პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
კომისიის სახელით, დოკუმენტს სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატებს საშუალება ექნებათ, მას კითხვებით მიმართონ.
პროცედურის გათვალისწინებით, ანგარიშის მოსმენის შემდეგ შესაძლებელია როგორც კომისიის წევრებმა, ასევე ფრაქციებმა დადგენილების პროექტი მოამზადონ.
არსებული ინფორმაციით, დადგენილების პროექტის მომზადებას დროებითი საგამოძიებო კომისია არ აპირებს, თუმცა დადგენილების პროექტს მოამზადებს საპარლამენტო უმრავლესობა. აღნიშნული დადგენილება დადგება სწორედ კენჭისყრაზე. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის მიერ დამტკიცებული დადგენილება შესასრულებლად სავალდებულოა.
საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის, კომისიის მდივნის, ოთარ კახიძის მიერ წარმოდგენილ დასკვნას ცხრა ხმით, ოთხის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.
კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ კენჭისყრაზე ასევე დააყენა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ წარმოდგენილი დასკვნა, რომელსაც ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო ცხრა წინააღმდეგი წავიდა.
დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით, ცხრა წევრით „ევროპული საქართველო“ იყო წარმოდგენილი. კომისიაში ასევე შედიოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ კომისიის მუშაობაში აღარ იღებდა მონაწილეობას.