ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შესაძლოა, დღეს რეკომენდაციებზე იმსჯელოს
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე დღეს 14:45 საათზე ბრიფინგს გამართავს, რის შემდეგაც კომისიის სხდომაა დაგეგმილი.
კომისიის წევრები სავარაუდოდ დღევანდელ სხდომაზე იმ რეკომენდაციებზე იმსჯელებენ, რომლის გამოქვეყნებაც სექტემბერში იგეგმება.
რა სახის რეკომენდაციებს შეიმუშავებს კომისია, ამაზე დეპუტატები წინასწარ არ საუბრობენ. თუმცა კომისიის შექმნიდან ერთ თვეში სერგი კაპანაძემ წარადგინა შუალედური რეკომენდაციები, რომელიც ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით მ.კ-ს მიმართ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის მიმართულებით სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხებოდა. ასევე შუალედური რეკომენდაციის მიხედვით, გ.მ-ს დაჭრის ფაქტის გამოძიებაც უნდა მოხდეს.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კომისიაში გაწევრიანებაზე უარი განაცხადა. საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა კი, კომისიის სხდომები მალევე დატოვეს. კომისიაში უმრავლესობა „ევროპულ საქართველოს“ აქვს.
რეგლამენტის მიხედვით, კომისია სამი თვით შეიქმნა, თუმცა ვადის თითო თვით გაგრძელება შესაძლებელია სამჯერ. კომისიის უფლებამოსილების საერთო ვადა კი, ექვს თვეს არ უნდა აღემატებოდეს.