ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება დღეს, 11:00 საათისთვის არის დაგეგმილი
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება დღეს, 11:00 საათისთვის არის დაგეგმილი

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გადაწყვეტილების გამოცხადებას დღეს, 11:00 საათისთვის გეგმავს.

პროკურატურამ და დაცვის მხარემ პროცესზე დასკვნითი კითხვები უკვე წარმოთქვეს.

მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე იმედს გამოთქვამს, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება.

მისი თქმით, გამოძიება სრულყოფილად არ ჩატარებულა და ბევრი გარემოება გამოსაძიებელია. სარალიძე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, აქციების გამართვას არ გამორიცხავს.

„არსებითად ცვლიდნენ ჩვენებებს და ცდილობდნენ, საქმე ისე წაეყვანათ, რომ განაჩენი მხოლოდ ამ ორი პიროვნებისთვის გამოეტანათ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მოსამართლე არ დაუშვებს მხოლოდ ამ ორი პირის ბრალდებაში მიცემას და რაღაც განხრით გამოყოფს იმ დანარჩენ საქმეებსაც, რომ ხელახლაა გამოსაძიებელი დანარჩენი დამნაშავეების საქმე და საგამოძიებო მოქმედებებიც ხელახლაა ჩასატარებელი.

აქ არ არის საუბარი მხოლოდ მკვლელებზე, ბევრი დანაშაულებრივი ქმედება მოხდა პირველ დეკემბერს, მე პირადად ვაცხადებ, რომ მირზა სუბელიანის შვილი იყო ორგანიზატორი ამ ინციდენტის დაწყების, მან შეკრიბა ეს ბავშვები, რასაც მოყვა ესეთი შედეგი, ჩემი შვილისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა, არანაირი პასუხისმგებლობა არ დაუკისრებიათ მირზა სუბელიანის შვილისთვის“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, გამოსაძიებელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ ის, რომ ნივთმტკიცება განადგურებულია.

„პირდაპირ მინდა ბატონ შოთაძეს მივმართო, რომელ კითხვაზეც ღიად მოვითხოვ პასუხს, რატომ იქნა შემთხვევის ადგილზე განადგურებული ფარდული, სადაც ჩემი შვილის მკვლელობა მოხდა. სამწუხაროდ, ბრიტანელი ექსპერტების დასკვნა ვერ ესწრება განაჩენის გამოცხადებამდე, მაგრამ უმოკლეს ხანში, ალბათ, წარმოადგენენ ამ დასკვნასაც. ნებისმიერ ბერკეტს გამოვიყენებ იმისათვის, რომ დაისაჯოს ყველა ის პირი, ვისაც საქმეში ბრალი მიუძღვის“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.

პროკურატურის ცნობით, თბილისის N51-ე საჯარო სკოლის საპირფარეშოში, მე-11 კლასის მოსწავლეებს შორის მომხდარი  სიტყვიერი  შელაპარაკება ხორავას ქუჩაზე გაგრძელდა და ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც  ბრალდებულებმა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ და სრულად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ დ.ს. იყო სკოლის მოსწავლე და არასრულწლოვანი, ჯგუფურად, დანების გამოყენებით განზრახ მოკლეს იგი, ხოლო ლ.დ, ასევე მოკლულ იქნა ერთ-ერთი ბრალდებულის გ.ბ-ს მიერ.
„ჩადენილი დანაშაულისათვის გ.ჯ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ და ჯგუფურად), ხოლო გ.ბ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ე’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ)“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.