ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნება
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„დღეს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებით მტკივნეულ საქმესთან დაკავშრებით, რომელიც ორი არასრულწლოვნის მკვლელობას ეხება.
სასამართლოს განაჩენის შინაარსის გათვალისწინებით, კერძოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ განსასჯელთან მიმართებით დადგინდა დასრულებული დანაშაული, ხოლო მეორის მიმართ – მხოლოდ მცდელობა, გაჩნდა კითხვები საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით.
გვესმის, რომ სასამართლოში გრძელდება ამ საქმის განხილვა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმის სრულყოფილი გამოძიება ჩვენი გუნდისთვის პრინციპული საქმეა, პარლამენტი დღეიდან უშუალოდ ჩაერთვება მის გამოძიებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებს იმისათვის, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულყოფილად აღსრულდეს.
ამისათვის, შეიქმნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს მართლმსაჯულების აღსრულების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.
დაზარალებულთა ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე თავის ახლობლებთან ერთად, მთავარ პროკურატურასთან მივიდა, სადაც საპროტესტო აქციას მართავს.