ხომალდმა ჯუნომ ლავის ნაკადებში გახვეული იუპიტერის თანამგზავრი იო გადაიღო — #1tvმეცნიერება
ხომალდმა ჯუნომ ლავის ნაკადებში გახვეული იუპიტერის თანამგზავრი იო გადაიღო — #1tvმეცნიერება

NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა „ჯუნომ“ იუპიტერის თანამგზავრ იოს 80 000 კილომეტრის მანძილიდან ინფრაწითელი ფოტო გადაუღო.

ახლახან გამოქვეყნებული სურათი 5 ივლისს არის გადაღებული. კაშკაშა წითელი ლაქების სახით მოჩანს ლავის ნაკადები და ტბები.

„შეგიძლიათ, დაინახოთ ვულკანური ცხელი წერტილები. იოს მისიის დასაწყისიდანვე ვაკვირდებით. ამ 30 ორბიტის განმავლობაში ვნახეთ, როგორ იცვლება და ვითარდება ის“, — ამბობს NASA-ს ჯუნოს მისიის მკვლევარი სკოტ ბოლტონი.

იო

იოზე ასობით ვულკანია. უფრო მეტი ვულკანი თავს იყრის პოლარულ რეგიონში და არა ეკვატორთან. ის მზის სისტემის ყველაზე აქტიური ვულკანური სხეულია. გარდა ამისა, იოზე მდებარეობს ვულკანი „ამირანი“, რომელიც ყველაზე დიდ, აქტიურ ლავის ნაკადებს წარმოქმნის მთელ მზის სისტემაში. სახელი მას ქართული მითოლოგიური პერსონაჟის მიხედვით უწოდეს.

კოსმოსური ზონდი ჯუნო იუპიტერის გარშემო 2016 წლიდან მოძრაობს. 2021 წლის დასაწყისში მან იუპიტერის უდიდეს მთვარეს, განიმედეს გადაუფრინა, 2022 წლის დასაწყისში კი ევროპას.

ხომალდი იოს შესწავლასაც გეგმავს. მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ის იოს ცხრაჯერ გადაუფრენს.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამ დროს „ჯუნო“ უფრო მეტ ინფორმაციას შეაგროვებს იოს ვულკანებისა და მისი მაგნეტიზმის შესახებ. იოს იუპიტერთან „გრავიტაციული ომი“ აქვს, რის შედეგადაც წარმოიქმნება იუპიტერის პოლარული ციალი.

„ვხედავთ, როგორ იცვლება ვულკანები, როგორ აქტიურდება ისინი და როგორ მცირდება შემდეგ ეს აქტივობა. სწორედ ისინი მართავენ იუპიტერის გიგანტურ მაგნიტოსფეროს“, — ამბობს ბოლტონი.

პოლარული ციალი ფერად-ფერადი სინათლეა, რომელიც დედამიწის გარდა, სხვა პლანეტებზეც ხდება. მზის სისტემაში ყველაზე დიდი პოლარული ციალები იუპიტერზეა დაფიქსირებული.