ხომალდმა ჯუნომ იუპიტერის თანამგზავრ იოს ამ დრომდე ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ფოტოები გადაუღო — #1tvმეცნიერება
2023 წლის 1-ელ მარტს, NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა „ჯუნომ“ იუპიტერის თანამგზავრ იოს 51 000 კილომეტრის მანძილზე გადაუფრინა. იო იუპიტერის ე. წ. გალილეოსეოლ ოთხ მთვარეს შორის სიდიდით მესამეა.
ახალი სურათები მზის სისტემის ამ ყველაზე ვულკანური სხეულის ყველაზე ახლო ხედებს გვთავაზობს ხომალდ New Horizons-ის შემდეგ; ამ მისიამ იოს და იუპიტერის სისტემას 2006 წელს გადაუფრინა, პლუტონისკენ მიმავალ გზაზე.
იო თითქოს პიცას ჰგავს. მისი ჭრელი და ფერადი ზედაპირი ვულკანური აქტივობის მიერ არის წარმოქმნილი; იქ არსებული ასობით ხვრელი და კალდერა სხვადასხვა სახის მახასიათებელს წარმოქმნის.
ვულკანური ჭავლები და ნაკადები ზედაპირზე მრავალ სხვადასხვა ფერს წარმოქმნის, წითლიდან დაწყებული, ყვითლითა და შავით დამთავრებული. ლავის ზოგიერთი „მდინარე“ ასობით კილომეტრზეა გადაჭიმული.
მისიის ფარგლებში, ჯუნო იუპიტერის გარშემო უკვე 49-ე ორბიტას ასრულებს და მისი რამდენიმე თანამგზავრის შესასწავლად ემზადება.
მარტში მან იოს მესამედ გადაუფრინა და უახლოეს წლებში ჯამში ცხრაჯერ გადაუფრენს. შემდეგი წლის პირველი გადაფრენა 2024 წლის 3 თებერვალს შედგება და ჯუნო იოს 1500 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება.
იოზე დაკვირვებების ექსპერტი ჯეისონ პერი, რომელიც „კასინისა“ და „გალილეოს“ მისიებზეც მუშაობდა, Twitter-ზე წერს, რომ იოს ახალ სურათებზე შეინიშნება გარკვეული ცვლილებები New Horizons-ის მიერ გადაღებული ფოტოებისგან.
„ზედაპირის ცვლილებები საკმაოდ მცირეა, მაგრამ არის სულ მცირე ორი ასეთი ცვლილება. პირველია მცირე ნაკადი ისტ-ჯირუს აღმოსავლეთ დაბოლოებაზე. ეს გახლავთ ვულკანური ცხელი წერტილი, რომელიც პირველად New Horizons-მა შენიშნა და როგორც ჯუნოს ფოტოებიდან ირკვევა, დღემდე აქტიურია“, — წერს პერი.
ჯუნოს კამერა JIRAM ორმაგი ინსტრუმენტია, შედგება გამოსახულების გადამღებისა და სპექტრომეტრისგან.
პერის განცხადებით, სხვა მონაცემები აჩვენებს, რომ გაწითლებულია თასის ფორმის ვულკანური კრატერი, სახელად კროს-პატერა.
„იოზე არსებული წითელი მატერია მიუთითებს S3-S4-ის არსებობაზე, მოკლეჯაჭვიან გოგირდზე, რომელიც მუდმივად უნდა ახლდებოდეს აქტიური, მაღალტემპერატურიანი ვულკანიზმის შედეგად“, — ამბობს პერი.
JunoCam-ი ხილული სინათლის მაღალი რეზოლუციის ინსტრუმენტია, რომელიც ხომალდის ძირითად სამეცნიერო მარგ ტვირთს არ განეკუთვნება.
მისიაში ის საზოგადოებისთვის გამოსახულებების მიწოდების მიზნით შეიტანეს; მის მიერ გადაღებულ ფოტოებს აქტიურად ამუშავებენ ფოტოგრაფები მთელი მსოფლიოდან.
თუმცა, აღმოჩნდა ისე, რომ JunoCam-ის ფოტოები მეცნიერებაშიც გამოდგება.
წელს ჯუნო ჯ კვლავ გადაუფრენს 16 მაისს, 35 000 კილომეტრის მანძილიდან.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.