NASA-ს მეცნიერები აუდიოჩანაწერს აქვეყნებენ, რომელიც მარსის ზედაპირზე ცოტა ხნის წინ დამჯდარი ხომალდის, InSight-ის მიერ არის ჩაწერილი.
ხმები 1-ელ დეკემბერს არის ჩაწერილი და წარმოადგენს ქარის მიერ წარმოქმნილ ვიბრაციებს. NASA-ს შეფასებით, იმ მომენტისთვის მარსზე ქარის სიჩქარე 16-24 კმ/სთ იყო.
ხომალდი InSight-ი ექვსთვიანი პლანეტათშორისი მოგზაურობის შემდეგ მარსზე 26 ნოემბერს დაჯდა.
მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ბრიუს ბანერდტის განცხადებით, აუდიოს ჩაწერა სულ არ იგეგმებოდა.
ხომალდი აღჭურვილია ორი სენსორით — ერთმა მათგანმა ჰაერის წნევა უნდა გაზომოს, სეისმომეტრმა კი ქანების მოძრაობა.
სეისმომეტრმა ამ შემთხვევაში დააფიქსირა ქარის მიერ მზის პანელებზე წარმოქმნილი ვიბრაციები.
სეისმომეტრი ამჟამად ხომალდის ნაწილია, მაგრამ მალე მას გამოეყოფა და მარსის ზედაპირზე განთავსდება, სადაც ის სპეციალური დამცავით დაიხურება, რათა უკეთ გაზომოს პლანეტის რხევები.
საბოლოო ჯამში, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ მისიის წყალობით გაცილებით უკეთ შეისწავლიან მარსის წიაღს.
აუდიოჩანაწერი დამუშავებულია, რადგან InSight-ის მიერ ჩაწერილ ხმები იმდენად დაბალი დიაპაზონისაა, რომ ადამიანის ყური ვერ აღიქვამს.
NASA ასევე აქვეყნებს შესწორებულ ვერსიას, რომელიც ორი ოქტავით არის გაზრდილი, რათა ყურისთვის უფრო ადვილად აღსაქმელი იყოს.
ამჟამად NASA ამზადებს გიგანტურ მარსმავალ მარს 2020-ს, რომელიც აღჭურვილი იქნება ორი მიკროფონით, რათა უფრო მეტი ინფორმაცია შეაგროვოს წითელი პლანეტის ხმების შესახებ.