ხობში წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაიაში მდებარე შუა საუკუნეების წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ტაძარი მაღალ ბორცვზე მდებარეობს, რომლის ფერდობები ფართოფოთლოვანი ხეებით არის დაბურული. ამ მთას ადგილობრივები ,,ოხვამეფერდს’’ ეძახიან. ეკლესია უფრო ძველი და დიდი ტაძრის ადგილზეა აშენებული, რასაც მოწმობს ნაგებობის ირგვლივ მდებარე ერთ მეტრამდე ძველი საძირკველი.
ტაძარში აშკარად შეიმჩნევა რამდენიმე სამშენებლო ფენა. როგორც ჩანს, სარესტავრაციო სამუშაოებისას სხვადასხვა დროს გამოუყენებიათ ქვიშაქვები, კირქვის კვადრები, რიყის ქვა, ქართული აგური.
ტაძარი გეგმაზე ხუთკუთხა შვერილაფსიდიანი დარბაზული ტიპის ნაგებობაა. აფსიდიში სამი სარკმელი განუთავსებიათ, ორ-ორი სარკმელია სამხრეთისა და ჩრდილოეთის, ხოლო ერთი დასავლეთის კედელზე. სარკმლები მოჩარჩოებულია კარგად თლილი კირქვით“, – აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.