ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
არსებული ინფორმაციით, „სუბარუს“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი ამოტრიალდა და არხში ჩავარდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, ხოლო მეორეს ტრავმები გულ-მკერდის არეში აქვს მიღებული და მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.