„ხსნის არმიის“ ეკლესია ქრისტეს შობას ზეიმობს
„ხსნის არმიის“ ეკლესია ქრისტეს შობას ზეიმობს

საქართველოში ათასობით მორწმუნე 25 დეკემბერს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულს, ქრისტეს შობას ზეიმობს. ქრისტეს დაბადებას იმ ეკლესიის წარმომადგენლები ხვდებიან, ვინც ამ თარიღს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავს.

25 დეკემბერს აღნიშნავს შობას „ხსნის არმია“. საქართველო ერთ-ერთია იმ 130 ქვეყნიდან, სადაც ეს ქრისტიანული ეკლესია და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია მოღვაწეობს.

საშობაო ღვთისმსახურება ტარდება პროტესტანტულ-ევანგელურ ეკლესიაში. ღვთისმსახურებას ადგილობრივი მრევლი ესწრება. შობას ისინი გალობით და ლოცვით ხვდებიან. „ხსნის არმია“ საერთაშორისო ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც მე-19 საუკუნის შუა წლებიდან არსებობს. მისი შტაბბინა ლონდონში მდებარეობს.

„დღეს „ხნის არმიის“ ეკლესია აღნიშნავს ჩვენი უფლის და მხსნელის, იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს. მრავალი საუკუნის წინ ღმერთმა მოხედა ადამიანებს და მოავლინა მესია ემანუელი, რომელიც არის ქრისტე უფალი. ამ მნიშვნელოვან მოვლენას ვზეიმობთ მის განკაცებას. სიტყვით ხორცის შესხმას და ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩვენთვის. ვულოცავ ყველა ქრისტიანს ამ დღესასწაულს, ამ მნიშვნელოვან მოვლენას მთელი კაცობრიობის ისტორიაში,“ – აცხადებს ხსნის არმიის ოფიცერი სოფო ნებიერიძე.