ხმელთაშუა ზღვის თავზე რუსული სამხედრო თვითმფრინავი გაუჩინარდა, რომლის ბორტზეც 14 ჯარისკაცი იმყოფებოდა
ხმელთაშუა ზღვის თავზე რუსული სამხედრო თვითმფრინავი გაუჩინარდა, რომლის ბორტზეც 14 ჯარისკაცი იმყოფებოდა

ხმელთაშუა ზღვის თავზე, სირიის სანაპიროდან 35 კილომეტრში რუსული სამხედრო თვითმფრინავი „ილ-20“ გაუჩინარდა. ბორტზე 14 ჯარისკაცი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაუჩინარებული მზვერავი თვითმფრინავი ჰმეიმის რუსულ ავიაბაზაზე ბრუნდებოდა. რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, თვითმფრინავის გაუჩინარების დროს სირიის ლატაკიის პროვინციაში ისრაელისა და საფრანგეთის ძალების მხრიდან დარტყმები ხორციელდებოდა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ლატაკიაზე სარაკეტო დარტყმები ხმელთაშუა ზღვაში მყოფი ფრანგული ხომალდიდან, Auvergne-დან განხორციელდა.

სირიაში მდებარე რუსული ავიაბაზის წარმომადგენლები გაუჩინარებული „ილ-20“-ის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ატარებენ.

როგორც სააგენტო Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ რუსული თვითმფრინავი შემთხვევით მოსკოვის მოკავშირე სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, რომლებიც ისრაელის სარაკეტო დარტყმების მოგერიებას ცდილობდნენ.