ხერსონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე 70-მდე სახლი და სამი ხიდია დატბორილი
ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ამ დროისთვის 70-მდე სახლი და სამი ხიდია დატბორილი.
„კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად შენობების დატბორვა ამ დრომდე გრძელდება. ამ დროისთვის 70 სახლი და სამი ხიდია დატბორილი“, – განაცხადა პროკუდინმა.
ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ყველა დატბორილი სახლი მდებარეობს ხერსონის ზემოთ, დნეპრის გასწვრივ არსებულ სოფლებში. იმავე ადგილას წყალმა დატბორა სამი ხიდი, რის გამოც ერთ-ერთ სოფელში შესვლა გართულდა.
პროკუდინის ცნობით, ადგილობრივი დროით 15:30 საათისთვის წყალდიდობის ზონიდან 1 328 ადამიანია ევაკუირებული, მათ შორის, თითქმის 1 200 ხერსონის რაიონიდან. მისივე თქმით, ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება.