ხერსონის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში რუსებმა რაიონი 20-ჯერ დაბომბეს
გასული დღის განმავლობაში რუსებმა ხერსონის რაიონი 20-ჯერ დაბომბეს, დაიღუპა ერთი ადამიანი. ხერსონის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რეგიონის მიმართულებით ნაღმმტყორცნებიდან, რეაქტიული სისტემებიდან, არტილერიიდან და ტანკებიდან 130-ზე მეტი ჭურვი ისროლეს.
ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში დაბომბვის შედეგად დაზარალდა 30-ზე მეტი დასახლება კონტაქტის ხაზთან. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები თავიანთ ძირითად ძალისხმევას ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ახდენენ.
უკრაინის არმიამ მოწინააღმდეგის 70-ზე მეტი შეტევა მოიგერია. კიევში აცხადებენ, რომ ბახმუტის მიმართულებით რუსი სამხედროები ინტენსიურ შეტევას ახორციელებენ და ცდილობენ ქალაქის სრული კონტროლის ქვეშ მოქცევას. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ბახმუტში 20-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.