ხელშეკრულება კი არა, „თხა და გიგო“ წაიკითხე და შემდეგ მელაპარაკე - გიორგი ვაშაძე და ირაკლი ზარქუა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
ხელშეკრულება კი არა, „თხა და გიგო“ წაიკითხე და შემდეგ მელაპარაკე - გიორგი ვაშაძე და ირაკლი ზარქუა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ, მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ხმაური საპენსიო საკითხის განხილვას მოჰყვა. ვაშაძის თქმით, პენსიონერებს უნდა შეეძლოთ, პენსია სხვა ბანკში გადაიტანონ. მისივე განცხადებით, ამავე დროს, პენსიონერს სესხში 36 პროცენტის გადახდა უწევს.

„ხელშეკრულებას არც ერთ პენსიონერს არ აძლევენ, საიდუმლოაო, ჩანაწერი მაქვს თქვენი ცხელი ხაზების. უნამუსოები ხართ უბრალოდ, ბოლოს და ბოლოს გაჩუმდი რა, ყველამ იცის, ვინ არის იაფფასიანი და კლოუნი, ცხრა გაუნათლებელი რაღაცა თქვით ერთ გამოსვლაში და ყველაფერი ხომ არ დაგიზუსტო? ხელშეკრულება კი არა „თხა და გიგო“ წაიკითხე და შემდეგ მელაპარაკე“, – მიმართა გიორგი ვაშაძემ ირაკლი ზარქუას, რომელმაც ვაშაძეს ურჩია, წაეკითხა შესაბამისი ხელშეკრულება, სადაც, მისივე განმარტებით, წერია, რომ პენსიონერს დღესაც შეუძლია, „საქართველოს ბანკი“ იქნება, „თიბისი“, თუ სხვა, მოითხოვოს და ჩაერიცხოს სესხი.

ზარქუას განარტებით, ბენეფიციარის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკი უსასყიდლოდ უზრუნველყოფს ბენეფიციარის პირად ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ავტომატურ რეჟიმში გადატანას. ირაკლი ზარქუამ ვაშაძის განცხადებას პოპულისტური უწოდა და აღნიშნა, რომ გიორგი ვაშაძე ცდილობს, პენსიონერების ვითომ დამცველი გამოვიდეს.

„დღეს აქ მოვისმინეთ პოპულიზმი, ჭიჭე ვაშაძეს მინდა ვუპასუხო. რომ შემოვიდა, ვერ გაიგო, რა თემებს მოეჭიდოს და ახლა უნდა, პენსიონერების ვითომ დამცველი გამოვიდეს. სინამდვილეში, ვინ გიკრძალავს, თამამად, უბრალოდ ჩაიხედე ხოლმე, რასაც ყვები. აზრზე არ ხარ და ამას გეუბნები, ამას გიხსნი, გინდა, ეს თემა ელისაშვილს წაართვა. აზრზე არ ხარ, ჯგუფი მუშაობს, თუ გინდა, შემოგვიერთდი, მეტს გაიგებ. ის, რაც შენ მოითხოვე არის ხელშეკრულება 3.5. გადაიკითხე, სადაც წერია, რომ პენსიონერს დღესაც შეუძლია, მოითხოვოს და ჩაერიცხოს სესხი თიბისი ბანკში იქნება, საქართველოს ბანკში, თუ სხვაგან. აზრზე არ ხარ, როგორ დაფრინავ და სად ხარ. ამიტომ გეუბნები, მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიო.

მეორე თემა იყო, რომ აი, კურსი გაიქცა, კურსი არა, კონსტიტუციით ინფლაციაზეა პასუხისმგებელი. ეტყობა, არ გაქვს ეს ინფორმაციაც და გეტყვი, საკრიტიკო არის, როგორ არ არის, როცა ინფლაცია 7-პროცენტიანია, მაგრამ ობიექტურად უნდა დასვა კითხვა. როცა ასეთ კითხვებს უსვამ, აზერბაიჯანში რატომ არისო, ფიქსირებულია, ჩვენთან მცურავი კურსი გვაქვს, ეს კარგია, სწორია, სხვა თემაა. მე გონია, რომ სწორია. ამით ბევრ რისკებს ვიხილავთ. პარტიაში არ გყავთ ვიღაც, რომ ამ თემებში გამეცადინოს. სვამ ისეთ კითხვებს, საერთოდ აზრზე არ ხარ. 36-პროცენტია, მაღალია, იცი, რომ 2 წლის წინ 50 პროცენტი იყო და იმის წინ კიდევ 100-პროცენტიანი სესხები ჰქონდათ პენსიონერებს? ხმა არ ამოგიღია. მაშინ ალბათ უკრაინას ალაგებდი. ახლა უკრაინაზეც გეტყვი, ინფლაცია მაღალია, იმიტომ კი არა, რომ მარტო ჩვენთან არის და ცუდი ქეყანა ვართ, არა, ინფლაცია ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანაშია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.