ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები საავტორო უფლებებთან დაკავშირებით კულტურის კომიტეტს მიმართავენ და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას ითხოვენ
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები საავტორო უფლებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტს წერილით მიმართავენ და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას ითხოვენ. ამის შესახებ მათ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
წერილს ხელს აწერენ ავტორები, რომლებიც 2019 წლამდე გაერთიანებული იყვნენ საავტორო უფლებათა ასოციაციაში, რომელიც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის შესაბამისად კოლექტიურ საფუძველზე მართავდა მათ უფლებებს. მათი თქმით, წლების განმავლობაში გაურკვეველი იყო, რა პრინციპით ხდებოდა მათი ნაწარმოებების საჯარო შესრულებასთან დაკავშირებული ჰონორარების შეგროვება და განაწილება.
ამასთან, როგორც ისინი აღნიშნავენ, მსგავსი გაუმჭვირვალე პროცესი და ბევრი უპასუხო კითხვა ჰონორარების გამოთვლის პრინციპებთან დაკავშირებით გახდა იმის მიზეზი, რომ 2019 წლიდან მათ შეწყვიტეს თანამშრომლობა აღნიშნულ ორგანიზაციასთან და ამავე წლიდან ქონებრივი უფლებების მართვა მიანდეს სხვა ორგანიზაციას.
კოლექტიურ მიმართვაზე ხელმომწერი ავტორების თქმით, ამ ასოციაციას აქვს შესაბამისი ინტელექტუალური და ტექნოლოგიური რესურსები, რომ უზრუნველყოს ჰონორარების შეგროვება და განაწილება გამჭვირვალე და სამართლიანი მეთოდით.
„პარლამენტში შეგვაქვს წერილი ჩვენი უკმაყოფილების. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ბუნდოვანებაა. ავტორების უფლებები არ არის გამჭვირვალე და კარგად დაცული. სწორედ ამიტომ წამოვედით იმ ორგანიზაციიდან ორი წლის წინ და ორი წლის განმავლობაში ჩვენი თანხები ირიცხებოდა იმავე ორგანიზაციაში, რომლის მუშაობითაც უკმაყოფილო ვართ. თანხები არის აბსოლუტურად გაურკვეველი, ჩვენამდე არ მოსულა. ამ ორგანიზაციიდან გამოვედით 400-მდე ავტორი და ვართ ჰაერში. თანხები არ ერიცხება იმ კომპანიას, ვისაც ვენდობით. გვინდა, რომ პარლამენტმა შეიტანოს სინათლე და მოვუსმინოთ ავტორებს, მათ სურვილს, რადგან მგონია, რომ უზენაესი ამ შემთხვევაში ავტორები არიან, როდესაც უფლებებზე არის საუბარი“, – განაცხადა დათო ევგენიძემ.
ამასთან, პრესკონფერენციაზე მივიდა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მირიან კულულაშვილი. მისი თქმით, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ქონებრივი უფლებების მართვა მხოლოდ ერთ ორგანიზაციას აქვს და აღნიშნა, რომ სფეროში ერთზე მეტი ორგანიზაციის დაშვება კოლექტიური მართვის სისტემის მოშლას გამოიწვევს.
„დღევანდელ პრესკონფერენციაზე ითქვა, ერთადერთი, ცალსახად იდეაა, რომ სფეროში ერთზე მეტი ორგანიზაცია უნდა იყოს და ამის კანონპროექტით მიმართავენ პარლამენტს. კანონით მსგავსი რამ გათვალისწინებული არ არის, არა მხოლოდ კანონით, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობით. რეკომენდაციები ითვალისწინებს, რომ სფეროში მხოლოდ ერთი უნდა იყოს. ამაზე მარტშიც გაიმართა კონფერენცია, სადაც WIPO-ს (ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია) საავტორო უფლებების დირექტორიც და სხვა საერთაშორისო ექსპერტები ამბობდნენ, რომ სფეროში ერთზე მეტის დაშვება გამოიწვევს კოლექტიური მართვის სისტემის მოშლას, რაც მოხდა უკრაინაში. მსგავსი პრაქტიკა გვაქვს. როგორც უმრავლეს ქვეყანაში, იქაც, სფეროში ერთი კონკრეტული მართვის ორგანიზაციაა. კონკრეტულ შემთხვევაზე მხოლოდ ეს ითქვა, რომ სფეროში ერთზე მეტი ორგანიზაცია სურთ. ამის შესახებ ალბათ კვალიფიციური ექსპერტის რეკომენდაცია არ აქვთ, რომ არ შეიძლება მსგავსი რამის გაკეთება. ხოლო სხვა კონკრეტული პრეტენზია, ანუ კონკრეტული ფაქტი ან პრეტენზია არ თქმულა“, – განაცხადა მირიან კულულაშვილმა.
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის ამ განცხადებას გამოეხმაურა დათო ევგენიძე.
„არ მგონია, ესეც კორექტული იყოს, როდესაც ავტორები ვაკეთებთ პრესკონფერენციას და დაუპატიჟებელი ადამიანი მოდის, ხელს გვიშლის. ეს აჩვენებს, როგორ მუშაობს კომპანია“, – განაცხადა დათო ევგენიძემ.
კოლექტიურ მიმართვაზე ხელმომწერი ავტორები მზადყოფნას აცხადებენ, რომ ნებისმიერი ფორმით მიიღონ მონაწილეობა აღნიშნული საკითხის განხილვაში, სიტუაციის გაუმჯობესების პროცესში და იმედს იტოვებენ, რომ კულტურის კომიტეტი უმოკლეს ვადაში შესთავაზებს ვითარების გამოსწორების გზებს.