ხელოვნების სასახლეს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს პატრონაჟს
ხელოვნების სასახლეს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს პატრონაჟს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს.

„ეს პატრონაჟი ნიშნავს, რომ ჩვენი კოლექციები უფრო ცნობადი გახდება. მაღალი სტუმრები, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ პრეზიდენტის ინიციატივით, მისი მხარდაჭერით გაეცნობიან ამ კოლექციებს. ჩვენ გვექნება საშუალება, რომ საერთაშორისო საზოგადოებას უფრო კარგად გავაცნოთ ჩვენი კოლექციები და იცით, რომ ჩვენი პრეზიდენტის კავშირები ევროპულ საზოგადოებასთან იძლევა საშუალებას, რომ მომავალში მუზეუმის სარესტავრაციო პროექტები თუ საგანმანათლებლო და საგამოფენო ამ თვალსაზრისთაც განვავითაროთ. ამდენად, ეს მუზეუმისათვის არის ძალიან დიდი პერსპექტივა“, – განაცხადა გიორგი კალანდიამ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს პირველი პირების მიერ მუზეუმების პატრონაჟი ფართოდ გავრცელებული ტრადიციაა ევროპაში.

„მადლობა ქალბატონ სალომეს ამ ინიციატივაზე და დარწმუნებული ვარ, ეს ხელოვნების სასახლის საერთაშორისო ავტორიტეტის კიდევ უფრო გაზრდას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.