ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 19 ოქტომბერს გაიხსნება [ვიდეო]
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 19 ოქტომბერს გაიხსნება [ვიდეო]

თბილისი 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქარს“ უმასპინძლებს. 2019 წლის პროგრამა მოიცავს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოების მფლობელი ხელოვანების დადგმებს.

მაგი მარენის, ვიქტორია ჩაპლინის, ქეროლინ კარლსონის, კარლოტა ფერერის, როსიო მოლინას, ნატალია მენენდესის და ანდრი ჟოლდაკის ნამუშევრების ნახვას ქართველი მაყურებელი რუსთაველის, მარჯანიშვილისა და გრიბოედოვის თეატრებში შეძლებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები და ვორკშოპებიც.

 

სემიუელ ბეკეტის და მაგი მარინის საკულტო წარმოდგენა „შეიძლება“

რა მოხდებოდა, თუ აქ შეკრებილი ქალების ხელოვნება მსოფლიოს უკეთესობისკენ, გონიერებისკენ, შერიგებისკენ მოუწოდებდა? ამაზე აუცილებლად დაგაფიქრებთ შუბერტის კომპოზიციები და სიჩუმეში გათამაშებული მაგი მარენის დრამა „შეიძლება“, სადაც თიხით მოსვრილი ათი მოცეკვავე გამოსავალს ეძებს.

 

ვიქტორია ტიერი ჩაპლინი „ზანზალაკებითა და ავგაროზით“

ეს გახლავთ ამბავი გამოუსწორებელ კლეპტომანზე, რომელიც უცაბედად აღმოაჩენს, რომ იმ საგნების იმედად არის, რომლის მოპარვასაც ცდილობს. სპექტაკლის იდეის და დადგმის ავტორი დიდი ბრიტანელი მსახიობის და რეჟისორის ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილი, ვიქტორია ტიერი ჩაპლინია, რომელიც „ზანზალაკებითა და ავგაროზით“ სრულიად უცნობ ტერიტორიებს გაგაცნობთ, სადაც ჯადოქრობა, სიურეალიზმი და იუმორი ნორმაც არის და აუცილებლობაც.

 

კაროლინ კარლსონი „სინქრონულობა

კაროლინ კარლსონის მოცეკვავეთა დასი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანამედროვე ევროპულ ცეკვაზე, ისევე როგორც თავად კაროლინი, რომელმაც ოთხი ათწლეულის მანძილზე უდიდესი როლი ითამაშა თანამედროვე ცეკვის განვითარებაში საფრანგეთსა და იტალიაში. კარლსონის დასმა შვეიცარელი მეცნიერის, კარლ გუსტავ იუნგის ცნობილი ნაშრომი „სინქრონულობა“, თავისი ნაწარმოების მთავარ იდეად აქცია.

Crossroads to Synchronicity – teaser from Diffusion on Vimeo.

 

კარლოტა ფერერი „ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი“

ფედერიკო გარსია ლორკას პიესის ადაპტაცია-ინსცენირების ავტორი კი კარლოტა ფერერია. პიესას ქალებზე მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ, რადგან სტერეოტიპებთან ბრძოლა მათი მთავარი გამოწვევაა. სპექტაკლში „ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი“ მთავარ როლს „ნეტფლიქსის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის „ქაღალდის სახლის“ მსახიობი ხაიმე ლორენტე ასრულებს. „ქაღალდის სახლი“ ესპანური კრიმინალური დრამაა, რომელიც მსოფლიოს „ნეტფლიქსმა“ გააცნო. ის გამოსვლიდან მალევე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არაინგლისურენოვან სერიალად, რომელიც მილიონობით ადამიანმა ნახა.

 

როსიო მოლინა „დაცემული ანგელოზი“

„მისი კომპოზიციები 90-წუთის განმავლობაში აჯადოებს მაყურებელს და ძირს უთხრის ტრადიციული ფლამენკოს შესახებ აქამდე დამკვიდრებულ შეხედულებას“, – ასე აფასებენ თეატრის კრიტიკოსები როსიო მოლინას და მის დადგმას „დაცემული ანგელოზი“.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 1997 წელს საერთაშორისო დირექტორატის საბჭოსა და რეჟისორ ქეთი დოლიძის მიერ დაფუძნდა. ფესტივალი ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში აღიარებულ ხელოვანებს. წლევანდელი საფესტივალო პროგრამა ძალიან მრავალფეროვანი და გამორჩეულია. დამატებით ინფორმაციასა და პროგრამას დეტალურად შეგიძლიათ, ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნოთ.