ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული კოლექციების 3D ინსტალაციის პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო]
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული კოლექციების სამგანზომილებიანი (3D) ინსტალაციის პრეზენტაცია გაიმართა საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში.
პირველად საქართველოში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უძვირფასესი კოლექციის პრეზენტაცია ვიდეოინსტალაციის გამოყენებით განხორციელდა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 2018 წელს დაარსების 60 წლისთავს აღნიშნავს და 3D ვიდეოც საიუბილეო წლის ფარგლებში მომზადდა.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სასულიერო პირები, ენათმეცნიერები, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, თანამედროვე, კონცეპტუალური ხედვით დამთვალიერებელი მიიღებს ინფორმაციას ქართულ იდენტობასა და საქართველოს წარსულზე.
„საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არის ძალზედ მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და კულტურული მემკვიდრეობის საცავი. მის კოლექციებში შემონახულია როგორც საეკლესიო, ასევე საერო შინაარსის უნიკალური ხელნაწერები – ძვირფასი ქვებით მოჭედილ ყდებში ჩასმული მდიდრულად მოხატული სახარებები, ასევე, ასტროლოგიური, „ქართლის ცხოვრების“, „ ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი რუკები და სხვა“, – აცხადებენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.