ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დავით აღმაშენებლის გამეფებიდან 930 წლის აღსანიშნავად, გამოფენა გაიხსნება
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დავითობისა და მეფე დავით აღმაშენებლის გამეფებიდან 930 წლის აღსანიშნავად, გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე, რომლის სახელწოდება იქნება „დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობა“, საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, იხილოს ისეთი უნიკალური ხელნაწერები, როგორიცაა გელათის ოქრომელნით მოხატული ოთხთავი, რომელიც თითქმის არასოდეს ტოვებს ხელნაწერთა საცავს, ასევე უშუალოდ მეფე დავითთან და მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ხელნაწერები: „გალობანი სინანულისანი“, „რუის-ურბნისის ძეგლიწერა“.
საექსპოზიციო ხელნაწერებს შორის არის პროფესიული საზოგადოებისთვისაც კი ნაკლებად ცნობილი ხელნაწერები, რომელთა ექსპონირება, მეფე დავითის ხელნაწერი მემკვიდრეობის კონტექსტში, არასოდეს მომხდარა. გარდა ამისა, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამართულ გამოფენაზე ძლევამოსილი ბიზანტიის იმპერიის ქართველ დედოფალთან დაკავშირებული არაერთი ხელნაწერი იქნება წარმოდგენილი.
ექსპონატებს შორის უმნიშვნელოვანესია „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერები: „მარიამისეული“ და ანა დედოფლისეული „ქართლის ცხოვრება“.
ღონისძიების ფარგლებში ასევე, დაგეგმილია ფოტოგამოფენა, ლექციები და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობები როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის.
ექსპოზიციას დაესწრებიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და სხვადასხვა სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები.