ეროვნულ მუზეუმში დავით აღმაშენებლის მონეტა გამოიფინება
ეროვნულ მუზეუმში დავით აღმაშენებლის მონეტა გამოიფინება

ბრიტანეთის მუზეუმში დაცული სპილენძის მონეტა, მსოფლიოში პირველად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება, დავით IV აღმაშენებლის მიერ მოჭრილ მონეტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრიტანეთში დაცულ მონეტას უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რადგან მონეტის წარწერა XI-XII საუკუნეების საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ხაზს ასახავს. ავერსზე წარმოდგენილია დავით მეფის გამოსახულება ბიზანტიურ სამოსში; თავზე ადგას ჯვრით დამშვენებული გვირგვინი – მარჯვენა ხელში გრძელბუნიანი ჯვარი უპყრია, მარცხენაში კი – ჯვრიანი სფერო. გამოსახულების თანმხლები ასომთავრული წარწერა მას მეფე დავითად მოიხსენიებს.რევერსზე, მონეტის ცენტრში, თანაბარმკლავიანი ჯვრის გამოსახულებაა, რომელსაც გარშემო ქართული ასომთავრული წარწერა გასდევს: „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“.

გამოფენა იმართება საქართველოში ბრიტანული სეზონის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ პროგრამას 60-ზე მეტი ღონისძიებით. სეზონს ერთობლივად ახორციელებს ბრიტანეთის საბჭო და ბრიტანეთის საელჩო.

გამოფენა 15 სექტემბერს გაიხსნება. დავით აღმაშენებლის მონეტას დამთვალიერებელი 17 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე ნახავს.