ხავიერ კოლომინა - ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს, რომელ თავდაცვით ორგანიზაციაში სურს გაწევრიანება, ღია კარის პოლიტიკა ძალაშია, საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური გზა სრულიად უსაფრთხოა
ყველა ქვეყანას გარე ჩარევის გარეშე აქვს უფლება, თავად განსაზღვროს, რომელ თავდაცვით ორგანიზაციაში სურს გაწევრიანება, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის უფლებას, თავად აირჩიონ ალიანსები, რომლებშიც სურთ გაწევრიანება.
„ძალიან მკაფიოები ვიყავით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი პრინციპი, რომელსაც რუსეთის წარმომადგენლებთან ნებისმიერი კონტაქტის დროს ვიმეორებდით, არის პრინციპი, რომ ყველა ქვეყანას, გარე ჩარევის გარეშე აქვს უფლება, თავად განსაზღვროს, რომელ თავდაცვით ორგანიზაციაში სურს გაწევრიანება. ეს იმას ნიშნავს, რომ ღია კარის პოლიტიკა ძალაშია და საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური გზა სრულიად უსაფრთხოა. როგორც იცით, გადაწყვეტილება ნატო-ს გაფართოების შესახებ მიიღება ნატო-ს წევრების და პარტნიორების მიერ. რუსეთს ამ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება არ აქვს“,- განაცხადა ხავიერ კოლომინამ.