ხათუნა ზახაშვილი - სამედიცინო პერსონალს, რომლებიც მაღალი რისკის ზონებში მუშაობენ, ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტირება
მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო პერსონალს, რომლებიც მაღალი რისკის ზონებში მუშაობენ, ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტირება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
როგორც ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს სამედიცინო პერსონალი.
„მიღებულია ასეთი გადაწყვეტილება, რომ ორ კვირაში ერთხელ სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს მაღალი რისკის ზონებში, პირველ რიგში ესენი არიან ცხელების კლინიკებში და კოვიდ კლინიკებში მომსახურე პერსონალი, ასევე სასწრაფო დახმარების ჯგუფის სრული შემადგენლობა, ექვემდებარება ტესტირებას ოქროს სტანდარტით, პისიარ ტესტირებით. ყველა სხვა სამედიცინო პერსონალი, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს რისკის მომატებულ კატეგორიას, მათ ჩაუტარდებათ პირველადი ტესტირება ანტისხეულებზე, უმთავრესად სწრაფი ტესტებით პირველ ეტაპზე და თუ გამოვლინდა იქ კომბინაცია ანტისხეულების დადებითი მაჩვენებლების, რომელიც შერჩეულია, მათ ჩაუტარდებათ შემდეგ პისიარ ტექნოლოგიითაც ტესტირება, რათა გამოირიცხოს მათში აქტიური ინფექციის არსებობა“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.