ხათუნა ზახაშვილი - ორსულების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე ჯერ პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს, თუმცა აცრის შემთხვევაში, ორსულობას პრობლემები არ უნდა შეექმნას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ორსულებში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენების შესახებ კლევები ჩატარებული არ არის, შესაბამისად, ორსულების აცრებზე ჯერჯერობით პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჯერ არ არის იდენტიფიცირებული ორსულობა და შემთხვევითი მიზეზით მოხდება ორსულის აცრა, ამის გამო ორსულობა ხელოვნური ჩარევის გზით არ უნდა შეწყდეს, არამედ გაგრძელდეს.
„ორსულებში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენების შესახებ კვლევები ჩატარებული არ არის. თუმცა, ცდები ჩატარებულია ცხოველებზე, რაც აჩვენებს, რომ რაიმე ტერატოგენული ეფექტი არც ერთ საცდელ ვაქცინას არ გამოუვლენია და ცხოველთა პოპულაციაში რისკებს არ მოიცავს. თუმცა ადამიანებში ასეთი ცდები ჩატარებული არ არის. შესაბამისად, ორსული ადამიანების აცრისთვის ჯერჯერობით პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს. თუმცა, თუ ორსულობისას შემთხვევითი მიზეზით მოხდება აცრა, როდესაც ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული ორსულობა, ეს არ წარმოადგენს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ჩვენებას, არამედ ორსულობა უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.