ხათუნა ზახაშვილი - „კოვიდის“ შეკავებისთვის მოწოდებული რეკომენდაციები თუ გაგვიჯდა ჩვევაში, დარწმუნებული ვარ, ვირუსის გავრცელება კიდევ უფრო შემცირდება
„კოვიდის“ შეკავებისთვის მოწოდებული რკომენდაციები თუ გაგვიჯდა ჩვევაში და ეს გახდა ჩვენი ცხოვრების სტილი, მაშინ დარწმუნებული ვარ, ზაფხულის სეზონის ზემოქმედებითაც, ალბათ, ამ ვირუსის გავრცელება კიდევ უფრო შემცირდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობამ კორონავირუსთან ერთად არსებობა უნდა ისწავლოს.
„ნუ ვიქნებით სულსწრაფები, ჯერ ყველანაირი პროგნოზი, რომელიც კეთდებოდა სხვა ქვეყნებში, სხვა ტერიტორიებზე, სადაც ფართოდ იყო გავრცელებული დაავადება, ყოველთვის ორიენტირებული იყო კონკრეტულ ვითარებაზე. ჩვენც არ ვართ გამონაკლისი. ჩვენ უნდა მივდიოთ ყოველდღიურად ჩვენ ცხოვრებას, ყოველდღიურად ვუყუროთ, რას გვიქმნის და რას გვემუქრება „კოვიდი“ და ვისწავლოთ მასთან ერთად არსებობა, ვისწავლოთ მისი მართვა იმ მოცემულობაში, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში, ეს არის მართული პროცესი დღეისთვის საქართველოში და თუ ჩვენ შევძელით იმ სწორი მიმართულებით განვითარება სიტუაციის, რასაც სოციალური, ფიზიკური დისტანცირება ჰქვია და ეს ჩვევები, რაც მოწოდებული არის დღეს „კოვიდის“ შეკავებისთვის, თუ გაგვიჯდა ჩვევაში და ეს იქნა ჩვენი ცხოვრების სტილი, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ სულ რამდენიმე ხანიც ალბათ და ზაფხულის სეზონის ზემოქმედებითაც ამ ვირუსის გავრცელება კიდევ უფრო შემცირდება, იქნება კიდევ უფრო ადვილი გადასატანი ნებისმიერი გამოწვევა ჯანდაცვის სისტემისთვის და მომავალი შემოდგომისთვის, მიუხედავად მოსალოდნელი მატებისა, წამოგვეწევა რაღაც ახალი მიღწევები „კოვიდთან“ მიმართებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა ზახაშვილმა.