ხათუნა თოთლაძე - საზღვრების გახსნისადმი საქართველოს მიდგომა არის ძალიან ფრთხილი და ეტაპობრივი
როდესაც საზღვრების გახსნაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რა ვითარებაა მსოფლიოში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, ყოველდღიურად რამდენად იცვლება რიცხვები, მათ შორის, ინფიცირებული ადამიანების. სხვადასხვა ქვეყნები პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში, შეიძლება, საათობრივადაც ცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებებს. ეს გადაწყვეტილებები არ არის სტაბილური და დროში გაწერილი“, – განაცხადა თოთლაძემ.
მისი თქმით, საქართველოს მიდგომაც ფრთხილია და ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მსოფლიოს გარშემო პროცესების დაკვირვება.
„გადაწყვეტილებას ვიღებთ იმაზე დაყრდნობით, თუ როგორია მდგომარეობა სხვადასხვა ქვეყანაში, რა ტიპის უნდა იყოს ნაცვალგების პრინციპი და რა არის ის რეგულაცია, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ინფიცირების და ვირუსის გავრცელების რისკებს. ეს არის საზომები, რის მიხედვითაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ამ ეტაპზე რომელ ქვეყანასთან შეგვიძლია, დავიწყოთ ფიქრი საზღვრების ე.წ. უპირობო გახსნაზე. საქართველოს მიდგომა არის ძალიან ფრთხილი და ეტაპობრივი. ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, მომავალში აუცილებლად გადაიხედება სია იმ ხუთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნისა, რომლებსაც საზღვარი უპირობოდ გავუხსენით. შეიძლება, ამას დაემატოს გარკვეული ქვეყნები ან შეიძლება, მათი რაოდენობა შემცირდეს“, – განაცხადა თოთლაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, განიხილება თუ არა უახლოეს მომავალში რეგულარული რეისების დანიშვნა იმ ხუთ ქვეყანასთან, რომლებთანაც საქართველომ საზღვრები უკვე გახსნა, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ავიაკომპანიებთან მიმდინარეობს მუშაობა.
„ბუნებრივია, ქვეყნებთან საზღვრების გახსნას ლოგიკურად უნდა მოსდევდეს ამ ქვეყნებთან რეგულარული ფრენების აღდგენა. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ალბათ, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ რა სიხშირით დაიწყებენ ავიაკომპანიები პირდაპირ მიმოსვლას იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც პირდაპირ გავხსენით საზღვარი“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.