ხათუნა სამნიძე - პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა პარტნიორებს ურჩევენ, სტატუსი არჩევნების შემდეგ მივიღოთ, აზიანებენ ოპოზიციური ფლანგის გზავნილს, რომ ქვეყანას სტატუსი სჭირდება
მას შემდეგ, რაც პარტნიორებმა რამდენიმე ადამიანს მოგვმართეს, რომ მათთვის გაუგებარია, სტატუსთან დაკავშირებით რატომ არ არის ერთიანი გზავნილი ოპოზიციური ფლანგიდან, მივიღე გადაწყვეტილება, ამაზე საჯაროდაც ვისაუბროთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა პარტნიორებს ურჩევენ, რომ გადაიდოს კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილება, აზიანებენ მთლიანად ოპოზიციური ფლანგის გზავნილს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი აუცილებლად სჭირდება.
ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან სტატუსთან დაკავშირებით განსხვავებული გზავნილების გაზიარება უნდა შეწყდეს.
„ეს ინფორმაცია ახალი არ არის. აქამდეც რამდენჯერმე ცნობილი იყო ჩვენთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენმა პარტნიორებმა მოგვმართეს რამდენიმე ადამიანს, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ არ არის ერთიანი გზავნილი, მაგალითად, ოპოზიციური ფლანგიდან, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამაზე საჯაროდაც უნდა ვისაუბროთ. ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა ჩვენს პარტნიორებს ურჩევენ, რომ გადაიდოს სტატუსის გადაწყვეტილება, არ მივიღოთ ახლა, არამედ მივიღოთ არჩევნების შემდეგ, ამით აზიანებენ მთლიანად ოპოზიციური ფლანგის ერთიან გზავნილს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი აუცილებლად სჭირდება.
არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ხელისუფლებაში. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან. ქვეყანამ ამდენი წლის განმავლობაში გააკეთა ყველაფერი და იბრძოლა, რათა ამ ისტორიულ მომენტში მიიღოს კანდიდატის სტატუსი კონკრეტული დათქმებით. ამიტომ მოვუწოდებ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ საკმარისია. ისიც საკმარისია, რა მავნებლობასაც ჩადის „ქართული ოცნება“და ჩვენგან, ოპოზიციური ფლანგიდან იყოს ერთიანი გზავნილი, უნდა შეწყდეს საერთაშორისო პარტნიორებთან განსხვავებული გზავნილების გაზიარება სტატუსთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ერთიანი გზავნილი, რომ ვიდგეთ ერთად, ეს იყოს ეროვნული ინტერესი და არ ვსაუბრობდეთ მხოლოდ ჩვენი პარტიული ინტერესებიდან“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ხათუნა სამნიძემ ამ საკითხზე პირველად გუშინ ისაუბრა, რა დროსაც აღნიშნა: „ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში. ბოლო დღეებში ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღეთ“.