ხათუნა სამნიძე - ვმსჯელობთ, რა საპარლამენტო ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს ოპოზიციამ, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური დარტყმა მიიღოს ხელისუფლებამ და იძულებული გახდეს, გადადგეს
ვმსჯელობთ, რა საპარლამენტო ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს ოპოზიციამ დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან ერთად, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური დარტყმა მიიღოს ამ ხელისუფლებამ და იძულებული გახდეს, გადადგეს, – ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვალდებულია, 5-6 ივლისის მოვლენების ირგვლივ კითხვებს პასუხი გასცეს.
„ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა პრევენციისთვის, არამედ 5-6 ივლისის შემდეგაც არ გამოჩენილა განცხადებებით. პარლამენტში მოსვლა ვერ გაბედა. ასევე, უნდა გადადგეს სუს-ის ხელმძღვანელი. ჩვენ ვმსჯელობთ, რა საპარლამენტო ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს ოპოზიციამ დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან ერთად, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური დარტყმა მიიღოს ამ ხელისუფლებამ და იძულებული გახდეს, გადადგეს. ჩვენ ვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მან პასუხები არ გასცეს ძალიან მწვავე შეკითხვებს, რომელიც უკავშირდება 5 ივლისამდე, კონკრეტული მუქარის განცხადებების შემდეგ, რატომ არ მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზომები და არც პასუხი გასცა ოპოზიციის შეკითხვებს, როგორ აპირებდა ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ასევე პასუხი უნდა გასცეს დღესაც არსებულ შეკითხვებს – ვისი ორგანიზებული იყო თავდასხმები, როგორ დაორგანიზდა ამ ჯგუფების შეკრება, მათი კონკრეტული ნაბიჯები და თავდასხმები. მიუხედავად იმისა, რომ მის გადადგომას ვითხოვთ, ვალდებულია პასუხები გასცეს ყველა ამ კითხვებს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც შინ გაწერეს.
„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.