ხათუნა სამნიძე - უნდა განვასხვავოთ საბიუჯეტო დაფინანსება და პარლამენტის ბოიკოტირება, პარტია განაცხადს აკეთებს, რომ კუთვნილი დაფინანსება მიიღოს ბიუჯეტიდან
უნდა განვასხვავოთ საბიუჯეტო დაფინანსება და პარლამენტის ბოიკოტირება, პარტია განაცხადს აკეთებს, რომ კუთვნილი დაფინანსება მიიღოს ბიუჯეტიდან, ლაპარაკია ბიუჯეტში იმ ადამიანების გადასახადებიდან შესულ თანხებზე, რომლებმაც ჩვენ მოგვცეს ხმა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„უნდა განვასხვავოთ საბიუჯეტო დაფინანსება და პარლამენტის ბოიკოტირება. როდესაც მე პარლამენტს ვუცხადებ ბოიკოტს და უარს ვამბობ მანდატზე, უარს ვამბობ სადეპუტატო ხელფასზე. რაც შეეხება საბიუჯეტო დაფინანსებას, ამას პარტიები იღებენ ამომრჩეველთა ხმების მიხედვით. ჩვენ მივიღეთ კონკრეტული ხმები, ამომრჩეველმა საკუთარი რისკის ფასად გააკეთა არჩევანი. არჩევნები გაყალბდა და ამაზე ყველა ოპოზიციური პარტია თანხმდება, მგრამ ჩვენთვის ხმები არავის უჩუქებია. ეს არის, რეალურად ადამიანების მიერ მოცემული ხმები, ამიტომ როდესაც პარტია განაცხადს აკეთებს, რომ კუთვნილი დაფინანსება მიიღოს ბიუჯეტიდან, ლაპარაკია ბიუჯეტში იმ ადამიანების გადასახადებიდან შესულ თანხებზე, რომლებმაც ჩვენ მოგვცეს ხმა. ჩვენ ადამიანებმა მოგვცეს ხმა იმისთვის, რომ პოლიტიკაში ვიყოთ და ეს თანხები, რაც მათი ხმების შესაბამისად უნდა გადაეცეთ პარტიებს, მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა იფუნქციონირონ“, – განაცხადა სამნიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირება თვითმიზანი არ არის.
„ჩვენი მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირება არ არის თვითმიზანი, როდესაც ვამბობთ რომ პარლამენტს არ შევუერთდებით, ამას კონკრეტული პირობები ახლავს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ ასეთ რთულ ვითარებაში ფასილიტატორების დახმარებით შესაძლებელი იქნება შეთანხმება კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაც იქამდე მიგვიყვანს, რომ პარლამენტი არ იქნება ერთპარტიული. ანუ ადამიანებმა ხმა მისცეს ამ პარტიების პარლამენტში ყოფნას, ეს პარტიები მზად არიან, იყონ პარლამენტში, მაგრამ ამას ახლავს კონკრეტული პირობები, ვართ მოლაპარაკებების პროცესში და ვნახოთ, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები. რაც შეეხება ირიბ ლეგიტიმაციას, ჩემს კოლეგებს არ ვეთანხმები. ადამიანებმა საკუთარი რისკის ფასად მოგვცეს ხმები. არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ხმები ოპოზიციური პარტიებისთვის არავის უჩუქებია და არ მოუმატებია. გაყალბების შედეგად ოპოზიციურ პარტიებს ხმები დააკლდათ, ამიტომ მოთხოვნილი დაფინანსება არ არის ზედმეტი, იმიტომ რომ ეს ხმები რეალურად მიიღეს პარტიებმა“, – განაცხადა სამნიძემ.