ხათუნა სამნიძე უმრავლესობას - თითოეულ თქვენგანს გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ, რომ პარლამენტში ხვალ მოვიდეს შინაგან საქმეთა მინისტრი და ყველა შეკითხვაზე გასცეს პასუხი
აუცილებელია ყველა ზომა მივიღოთ, რათა გამოძიება სწორად წარიმართოს, ყველა დაისაჯოს, მაგრამ ჩვენ პარლამენტის წევრებს გვაქვს კონკრეტული ვალდებულება, რომ გავაკონტროლოთ აღმასრულებელი ხელისუფლება. ჩვენ დავიბარეთ გომელაური, მაგრამ ამ პროცესში არავინ დადგა ოპოზიციის გვერდით, – ასე მიმართა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას.
მისი თქმით, შს მინისტრის ხვალ პარლამენტში აუცილებლად უნდა მივიდეს.
„უმრავლესობის თითოეულ წევრს აქვს პასუხისმგებლობა და არის თანამონაწილე იმის, რაც ჩვენ ვიხილეთ 5 ივლისს. დაბარებულია პარლამენტში ბატონი გომელაური, ჩანიშნულია უკვე ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა ხვალ და მე ვერ ვხედავ დღის წესრიგში, რომ ის აქ მოდის. უმძიმეს ვითარებაშია ქვეყანა დღეს. იმის ნაცვლად, რომ ისმოდეს მართლა თანაგრძნობა პრემიერ-მინისტრისგან, რომელმაც მოწოდებებით ხელი შეუწყო, რომ ასეთი ძალადობა გვენახა, დღეს ლაპარაკობს, უმრავლესობას ასე უნდა, კეთილი ინებეთ და დაგვემორჩილეთო, არ გვაინტერესებს არც უსაფრთხოება და არც ადამიანებიო. ისევ შეთქმულების თეორიაზე ლაპარაკობს, სააკაშვილი ახსენა კიდევ, არ გეღიმებათ, არ გეცინებათ, გაოცებული ვარ. რა შუაშია ახლა ოპოზიცია. თითოეულ თქვენგანს გთხოვთ მხარი დაუჭირეთ იმას, რომ აქ მოვიდეს ხვალ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე შინაგან საქმეთა მინისტრი და ყველა შეკითხვაზე პასუხი გასცეს“, – განაცხადა სამნიძემ.